"პირველების" ინფორმაციით, ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად სასამართლოში ფინანსური პოლიციის ექს-შეფი მიიყვანეს

02.07.26 15:08
"პირველების" ინფორმაციით, ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად სასამართლოში ფინანსური პოლიციის ექს-შეფი მიიყვანეს

"პირველების" ინფორმაციით, სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად სასამართლოში, დახურულ სხდომაზე ფინანსური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, სოსო რამიშვილი მიიყვანეს.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, სოსო რამიშვილი სასამართლოს შენობაში მანქანით ისე შეიყავნეს, რომ ის კამერებს არ გადაეღოთ. 

ის, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილუაშვილის საქმეზე გამოსაკითხად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი უნდა მისულიყო, ეს პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა მედიას სხდომის დაწებამდე უთხრა. 

სახელმწიფო მბრალდმდებელს სახელი და გვარი არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ მოწმე საგამოძიებო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე 2018 წლიდან 2025 წლამდე და 2025 წელსაც გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა. 

სოსო რამიშვილი საგამოძიებო ორგანოში  გამოკითხულია - მარიამ ბერძენიშვილის თქმით, სწორედ გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე აქვს პროკურატურას მოლოდინი, რომ საქმესთან დაკავშირებით მოწმე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს.

პროკურორმა დღეს "პირველების" კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს და არა ბრალდებულის.

„დღეს სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე, მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. დაიკითხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი. მისი გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე მაქვს მე მოლოდინი, რომ ბრალთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს. რაც შეეხება უშუალოდ დეტალებს, რა ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოს მან სასამართლოს, ბუნებრივია მე ამ დეტალებში ვერ შევალ, რადგან ის ჯერ სასამართლოში დაკითხული არ არის.  დღეს დავკითხავთ.

ეს მოწმე ბრალდებული არ არის და მან მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ უნდა ისაუბროს. გარკვეული ინფორმაცია აქვს. მას ხშირი შეხება ჰქონდა სამსახურებრივად ლილუაშვილთან, როგორც ორი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს და გარკვეული დეტალები არის, რისი მისი მხრიდან გადმოცემა საინტერესო იქნებოდა, ამ კუთხით არის ეს ადამიანი გამოკითხული და იგივე შინაარსის კითხვები დაესმება.

არ არის კონკრეტულად რაღაც ეპიზოდთან მიმართებით საუბარი. მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს პიროვნება იყო წარსულში ერთ-ერთი საგამოძიებო უწყების მაღალი თანამდებობის პირი, წარსულში, იმ დროს როცა გრიგოლ ლილუაშვილი იყო სუს-ის ხელმძღვანელი და აი მიმართულებით იქნება კითხვები დასმული. 

2018 წლიდან 2025 წლის გარკვეული პერიოდიც იყო ეს პრიოვნება აღნიშნულ თანამდებობაზე",- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

დაცის მხარეს გამოძიებასთან კითხვები აქვს - ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის თქმით, თუ პროკურატურის მიერ დასახელებულ მოწმეს,  ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდა დანაშაულის შესახებ, მაშინ რატომ სარგებლოს ის დღეს მხოლოდ მოწმის სტატუსით და არა ბრალდებულის. 

არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც ბატონ ლილუაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს რომელიმე ეპიზოდთან მიმართებაში დრემდე წარმოდგენილი არ არის. თუ რაიმე დანაშაულის შესახებ აღნიშნული მოწმე ფლობდა, ჩემთვის უფრო მეტად ის არის გასაკვირი, თუკი ის მოწმის სტატუსით არის წარმოდგენილი პროცესზე და არა ბრალდებულის. შესაბამისად, მე მოლოდინი მხოლოდ იმის მაქვს, რომ დასახელებული პირი არანაირად არ მისცემს და ვერ მისცემს იმგვარი ხასიათის და შინაარსის ინფორმაციას, რაზედაც გააკეთა ანონსი ბრალდებსი მხარემ". -ამბობს ადვოკატი ლანა ცერცვაძე. 

სუს-ის ექს-შეფის პროცესი საქალაქო სასმართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. "პირველების" ინფორმაციით, დღეს სწორედ სოსო რამიშვილი იქნება ერთადერთი მოწმე, რომელსაც პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ გამოკითხავს.  

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

 

მსგავსი სიახლეები