"დიქტატურამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული" - მიხეილ სააკაშვილი
"დიქტატურამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზში განაცხადა და საქართველოს ათასობით მოქალაქის პერსონალური მონაცემების ФСБ-ს ბაზაში შესაძლო მოხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთელი ეკონომიკა რუსეთს ჩამოჰკიდა, შეიარაღებული ძალები გაანადგურა და ქვეყანა რუსეთისთვის გადასაცემად გაამზადა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი საქართველოში ძალიან მალე შემოვა და ყველას დაიჭერს, ვისი პერსონალური მონაცემებიც მათ ხელში აღმოჩნდება.
დიქტატურამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული, თქვენი პერსონალური მონაცემები გადასცეს პირდაპირ ФСБ-ს სამსახურებს, ФСБ-ს დააყენებინეს კამერები თბილისის ცენტრში და იქიდან აიტვირთება სახეები, სახის ამომცნობებით, მოსკოვში და ეს საშუალებას აძლევთ მათ ყველაზე ჰქონდეთ სია შედგენილი. ივანიშვილმა გაანადგურა ჩვენი შეიარაღებული ძალები, ივანიშვილმა მთელი ეკონომიკა ჩამოჰკიდა რუსეთს და პრაქტიკულად გაამზადა საქართველო რუსეთისთვის გადასაცემად იმიტომ, რომ ყველა მეგობარი დაგვაკარგვინა. თუ ეს ასე გაგრძელდა, რუსეთი ძალიან მალე შემოვა, სამწუხაროდ, ყველას დაიჭერს ვისი მონაცემებიც აქვთ, გაანადგურებს ვინც ივანიშვილმა არ დაიჭირა იმასაც, კარდაკარ ჩამოივლის პერსონალური მონაცემებით და სისხლის გუბეებს დააყენებს. აი ამის რეალური საფრთხეა დღეს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
- ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს.
Algorithmwatch-ის სტატიაში, რომელიც 27 ივნისს გამოქვეყნდა წერია, რომ სახის ამომცნობი კამერებისთვის, პროგრამულ უზრუნველყოფას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთში დაფუძნებული და სანქცირებული კომპანიის Papillon AO-სგან ყიდულობს.
Algorithmwatch მოიპოვა ჯერ კიდევ 2018 წლის დოკუმენტები რაც ადასტურებს, რომ სამინისტროს ოპერატორებს უშუალოდ რუსი პერსონალი ამზადებდა და ამ სისტემის გამოყენებას ასწავლიდნენ. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია საია, სამინისტროსგან პასუხებს ითხოვს და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები შესაძლოა მტრული სახელმწიფოს ხელში იყოს.
Algorithmwatch-ის გამოძიების მიხედვით სახის ამოცნობის სისტემის უახლესი ვერსია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის ივნისის დასაწყისში მიიღო ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე იყო.