IPI: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა

02.07.26 15:37
IPI: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა

"ვინაიდან რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან მედიის მიმართ მტრული დამოკიდებულება არადამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების გამოყენებით იზრდება, IPI კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფოდ მიიღოს ზომები მედიის თავისუფლების დარჩენილი ნაწილის დასაცავად" -  ამის შესახებ საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი სპეციალურ განცხადებაში წერს.

IPI  შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზიების წინააღმდეგ მარეგულირებელი და სამართლებრივი ზეწოლის ზრდის გამო, რაც  საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის შეფასებით, პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების კიდევ ერთ ესკალაციას წარმოადგენს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელემაუწყებლებზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა. ორგანიზაციის შეფასებით, მარეგულირებელი ორგანოებისა და ახალი კანონების გამოყენება მედიის წინააღმდეგ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში პრესის თავისუფლებას.

სტატიაში აღნიშნულია , რომ 25 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია TV Pirveli 2 500 ლარით დააჯარიმა. IPI მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილია. მანამდე ანალოგიური სანქცია დაეკისრა ტელეკომპანია Formula-საც.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 2025 წელს მიღებულმა ცვლილებებმა მაუწყებლობის შესახებ კანონში მნიშვნელოვნად გააფართოვა კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებები. შედეგად, კომისიას შეუძლია თავად განიხილოს მაუწყებლების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები, დააჯარიმოს ისინი, დროებით შეუჩეროს მაუწყებლობა ან უკიდურეს შემთხვევაში ლიცენზიაც კი გაუუქმოს.

IPI-ის შეფასებით, ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ჩარევისთვის იყენებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამართლებრივ ბერკეტებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ქმედებები მნიშვნელოვნად ზღუდავს ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას და აძლიერებს თვითცენზურის რისკს.

სტატიის ბოლოს IPI მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" შეწყვიტოს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა; დაიცვას მედიის თავისუფლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 

მსგავსი სიახლეები