გაჩნდებიან თუ არა პოლიტიკური ლიდერების დევნის საქმეში ახალი ბრალდებულები

02.07.26 18:38
გაჩნდებიან თუ არა პოლიტიკური ლიდერების დევნის საქმეში ახალი ბრალდებულები

 

 

გაჩნდებიან თუ არა პოლიტიკური ლიდერების დევნის საქმეში ახალი  ბრალდებულები -  დღეს სასამართლოში მიყვანილი მოწმეები გიორგი გახარიას და ლევან ხაბეიშვილის სახელებსა და გვარებს ახსენებდნენ. 

როგორც პროცესის დასრულების შემდგომ საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, “მოწმემ ახსენა, რომ გიორგი გახარია იმყოფებოდა აქციაზე და ისაუბრა მისი მოქმედებების შესახებაც“.

თუმცა, პროკურორმა განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე გიორგი გახარია  ბრალდებული არ არის და მის ქმედებებზე და ბრალეულობაზე ვერ ისაუბრებს.

ამ ეტაპზე, არც ერთი მათგანი[ხაბეიშვილი და გახარია], არ არის ბრალდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტი ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის, - ამბობს პროკურორი. 

მოწმემ ახსენა ის, რომ გიორგი გახარია იმყოფებოდა აქციაზე, მისი მოქმედებების შესახებაც ისაუბრა, თუმცა, თქვენ დადგენილ ფაქტად მიიჩნევთ იმას, რომ კონკრეტული პირი, კონკრეტულ ადგილზე ამდენი წუთი იმყოფებოდა, მე ამაში ვერ დაგეთანხმებით, არ მაქვს ასევე მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ეჭქვეშ დაყენების საფუძველი, თუმცა, ამ საქმეზე გიორგი გახარია არ არის ბრალდებული და მე ვერ ვისაუბრებ მის ქმედებებზე და ბრალეულობაზე, კონკრეტულად, როდესაც კონკრეტული პირის ბრალეულობაზე ვსაუბრობ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი განმარტება, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობა ისეთი, როგორიც ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით არის წარმოდგენილი",- განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

მოწმის მხრიდან გიორგი გახარიას ხსენებას ექსპრემიერის ადვოკატი გამოეხმაურა. ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ გახარია არასდროს მდგარა პარლამენტის შენობის წინ და არანაირი ძალადობისკენ მოწოდებები მისი მხრიდან არ განხორციელებულა. 

ადვოკატის შეფასებით, ცრუ ჩვენების მცემა სისხლის სამართლის დანაშაულია, რაზეც ადამიანებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება.

ეს არის შეკვეთილი მართლმსაჯულებაა. არანაირი ძალადობისკენ მოწოდებები გიორგი გახარიას მხრიდან არასდროს განხორციელებულა, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტისკენ, რაღაც შტურმის აღების მოწოდებისკენ.   გიორგი გახარია არასდროს მდგარა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდებარე პერიმეტრზე. ან აქციები დროს, იცით, რა ტერიტორიაზეც იდგა ხოლმე ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ამიტომ რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია ნებისმიერი პოლიციელის ეს განცხადება. ეს არის კრიმინალი, თუ ამ პოლიციელმ ასეთი ტიპის განცხადება გააკეთა. ცრუ ჩვენების მიცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამ ადამიანებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება. დაუმატებენ თუ არა გიორგი გახარიას ბრალს, არ ვიცი, მას ისედაც ედავებიან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს და ერთი ბრალის დამატება გიორგი გახარიას არაფერს შეუცვლის, უბრალოდ,ეს იმდენად ხელოვნური და შეთითხნილი იქნება გიორგი გახარიას მიმართ, რომ არ მგონია რაციონალი იდოს იმაში, რომ გიორგი გახარიას ამ ბრალდებით დაუმძიმონ საქმე“- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დღეს, ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა, ოთხივე მათგანი სამართალდამცველია, რომლებიც პროკურორის განმარტებით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით დროის შუალედში იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.