"ოცნებაში" აცხადებენ, რომ გაეროს რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებენ
გაეროს რეკომენდაციების შესრულებას "ქართული ოცნება" არ აპირებს. განცხადებები ივანიშვილის გუნდის წევრებმა დღეს პარლამენტში მედიასთან გააკეთეს.
მათი შეფასებით, საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი „გარე ძალების“ გავლენის ქვეშ მოქმედებს, ხოლო "ოცნების" ხელისუფლების მიერ გამკაცრებული კანონმდებლობა ქვეყანაში რევოლუციური სცენარების თავიდან აცილებას ემსახურება.
თენგიზ შარმანაშვილის მტკიცებით, სამართალდამცავები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც კანონს დაარღვევს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში „შავ-ბნელი ფულის“ შემოტანის შემთხვევაში, თანხა დაყადაღდება.
არცერთს ფასი არ აქვს, არაფერი განსაკუთრებული არ არის, რაც არ უნდა ხმამაღალი სახელი ერქვას ამ ორგანიზაციას. ახლა, ეს გარე ძალები გაეროშიც ფეხგადგმულები არიან, ევროკავშირშიც და სხვა ორგანიზაციებშიც. ასე რომ, გაეროსაც ვეუბნები, რატომ გავამკაცრეთ ეს კანონმდებლობა? დაგვიდგნენ, მოგვისმინონ და მერე გვითხრან, რომ ასეთ პირობებში არ უნდა გაგვემკაცრებინა. გვითხრან, რომ 5 რევოლუცია ერთი წლის განმავლობაში ეს არის ძალიან კარგი და ნორმალური მოვლენა, უნდა წყნარად დავლოდებოდით მე-6, მე-7 და მე-8 რევოლუციებს. ხარებამ უთხრა, რომ იარეთ ქუჩებში და ვისაც წააწყდებით, თავები დაუხეთქეთო?! ამის მტკიცებულება არსებობს?! თქვენ რა იცით ოპერატიულად ცნობები როგორ მოიპოვეს, მტკიცებულებები როგორ მოიპოვეს, როგორ აპირებენ მომავალში მოპოვებას? გამოჰკითხავენ ყველას, ვისზეც იქნება ეჭვი, რომ ამ საქმეში იყო გარეული.და, ხარება რა განსაკუთრებული თანამდებობის პირია? სუსის ხელმძღვანელზე უფრო დიდი თანამდებობის პირია, რომ მას ვინმემ ხელი დააფაროს თუ მტკიცებულება იარსებებს? არ არსებობს მტკიცებულება ჯერჯერობით. შევაჩერებთ ყველას უფლებას შესაბამისად, ვინც კანონს დაარღვევს, თუ შავ-ბნელი ფული იქნება შემოტანილი საქართველოში, რა თქმა უნდა, ის დაყადაღდება, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
"ოცნების" გუნდში ამბობენ, რომ გაეროს რეკომენდაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ მათ კონკრეტული არგუმენტები და დასაბუთება ახლავს. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ხელისუფლება „არაგონივრულ“ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს.
ჩვენთვის საინტერესო არ არის არაგონივრული რეკომენდაციები. ჩვენ ახლაც იგივე პოზიცია გვაქვს იგივე ბრიუსელის მიმართ, როდესაც ისინი თითის ქნევით გვეუბნებიან, რომ გაიწვიეთ რაღაცა კანონი, რომელიც მათ ქვეყანაში სასარგებლოა, ჩვენ ვთავაზობთ, რომ მოდი, გავმართოთ დისკუსია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და შინაარსობრივ საუბარში შევიდეთ. თუ ისინი წარმოადგენენ არგუმენტებს, თუ რომელი კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს ან ევროპულ ღირებულებებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ მათთან ერთად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ არაბაირი რეკომენდაციის გათვალისწინებას არ ვაპირებთ იმ ჭრილში, როდესაც ამ ყველაფერს არგუმენტები არ მოჰყვება, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
- გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო (UN Human Rights Council) საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშს ავრცელებს. ანგარიშში საუბარია ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობაზე.
- OHCHR-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დანაშაულის ჩადენის შესახებ ყველა ბრალდება გამოიძიოს.