,,ძლიერი საქართველო - ლელო“ ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივით გამოდის

03.07.26 16:04
,,ძლიერი საქართველო - ლელო“ ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივით გამოდის

 

 

,,ძლიერი საქართველო - ლელო“ ფართომასშტაბიანი ამნისტიის ინიციატივით გამოდის - როგორც ბრიფინგზე ლანა გალდავამ განაცხადა, ქვეყანაში საგანგაშო ვითარებაა პატიმრების და პრობაციონერების რაოდენობის თვალსაზრისით.

"ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე ფიქსირდება თავად ხელისუფლების მიერ დაწესებული პატიმართა ლიმიტების გადაცილება 30-32-57%-ით.

სასჯელების მუდმივი გამკაცრება არ გახლავთ გამოსავალი. სახელმწიფო, პირველ რიგში, ორიენტირებული უნდა იყოს დანაშაულის პრევენციაზე და პატიმრობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე - აცხადებს ლანა გალდავა. 

როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში საგანგაშო ვითარებაა პატიმრების და პრობაციონერების რაოდენობის თვალსაზრისით. საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, მსჯავრდებულთა სრული რაოდენობა გახლდათ 22 767, ხოლო პატიმართა რაოდენობა კი 11 153 პირი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აღმავალი დინამიკაა 2026 წლის პირველი თვეების მაჩვენებლებში. პატიმართა და პრობაციონერთა რაოდენობა იზრდება და ამავდროულად, პენიტენციურ დაწესებულებებში ფიქსირდება თავად ხელისუფლების მიერ დაწესებული პატიმართა ლიმიტების გადაცილება 30-32-57%-ით. მაგალითად, ქუთაისის, გლდანის, ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში. 

ამავდროულად, იკლებს სასამართლოს მიერ არასაპატიმრო სასჯელისა და პრობაციის ღონისძიების შეფარდების სტატისტიკაც, რაც ინდიკატორია რეპრესიული მართლმსაჯულების. 

სასჯელების მუდმივი გამკაცრება არ გახლავთ გამოსავალი. სახელმწიფო, პირველ რიგში, ორიენტირებული უნდა იყოს დანაშაულის პრევენციაზე, ადამიანის რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციაზე და პატიმრობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. მითუმეტეს, როდესაც ციხეები გადავსებულია რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი პირებით, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებით. იმ პირებით, რომელთა მიმართაც იყო სამართლებრივად შესაძლებლობა დაწყებულიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება და არა სისხლის სამართლებრივი. 
ციხე არ არის მხოლოდ საკანი. პატიმრებს ესაჭიროებათ ღირსეული პირობები: კვება, ჯანდაცვა, განათლება, სერვისებზე წვდომა, უსაფრთხო გარემო და პენიტენციურ სისტემაში კვალიფიციური კადრები. 

ციხეების გადატვირთულობა  და სისტემის მოშლა იწვევს ქურდული სამყაროს გავლენების ზრდასაც, პატიმართა უფლებების დარღვევას მრავალი მიმართულებით. უმძიმეს ვითარებას ასევე ადასტურებს, სხვას თუ არაფერს ჩავთვლით, ბოლო კვირების განმავლობაში გამოქვეყნებული სახელმწიფო სტატისტიკა, ომბუდსმენის კრიტიკული ანგარიში, ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ანგარიში ...

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პოლარიზაციის დასრულების, არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების განსამუხტად, კოალიცია ,,ძლიერი საქართველო - ლელო“ კვლავ გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს ფართომასშტაბიანი ამნისტია სამართლიანობის, ჰუმანურობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბალანსის გათვალისწინებით.

მსგავსი სიახლეები