საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ყაზახეთის შემდეგ უზბეკეთთანაც გააფორმა

03.07.26 16:10
საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ყაზახეთის შემდეგ უზბეკეთთანაც გააფორმა

საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ყაზახეთის შემდეგ უზბეკეთთანაც გააფორმა - ერთობლივ დეკლარაციას ხელი ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა პირადად თქვენი მხარდაჭერის შედეგია. ერთობლივი დეკლარაცია არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობის დასტური და მყარ საფუძველს უქმნის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მდგრად განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით. ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას. გულწრფელ მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ძალიან შთამბეჭდავია ის წინსვლა და პროგრესი, რასაც უზბეკეთმა თქვენი ლიდერობით მიაღწია. თქვენ გაქვთ ძლიერი ინსტიტუტები, სახელმწიფო სისტემა და ნათელი ხედვა ქვეყნის განვითარების მიმართულებით. თქვენ სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით და დარწმუნებული ვართ, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

უზბეკეთის პრეზიდენტის განცხადებით კი საქართველო უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„მადლობას ვუხდი ჩვენს ქართველ მეგობრებს თბილი მიღებისთვის. გულწრფელ მადლობას გიხდით უზბეკი ხალხისა და ჩემი სახელით მაღალი რანგის სახელმწიფო ორდენით - ოქროს საწმისით დაჯილდოებისთვის. ქართულ-უზბეკური ურთიერთობების აყვანა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე დიდი მიღწევაა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის - მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი. დღეს საქართველო დამსახურებულად მიეკუთვნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს. რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა თქვენი ხელმძღვანელობით. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია,“- აღნიშნა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის ასევე ხელი მოეწერა ერთწლიან სამოქმედო გეგმას ორივე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც მეტწილად მიმართულია უშუალოდ ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებისკენ.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა და იგი მიზნად ისახავს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

„ეს არის ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ, ფაქტობრივად, ყოველ თვეს, ყოველ კვარტალში ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო ამოცანები, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყნებს შორის მოხდება კონკრეტულად სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, ლოგისტიკური და სატრანსპორტო სექტორების უფრო მჭიდრო დაკავშირება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები