მე ვხედავ, თქვენ და თქვენი ტელევიზია ვერ დაინახავს - “ოცნების“ დეპუტატი ამტკიცებს, რომ პროდუქტები გაიაფდა

03.07.26 16:23
მე ვხედავ, თქვენ და თქვენი ტელევიზია ვერ დაინახავს - “ოცნების“ დეპუტატი ამტკიცებს, რომ პროდუქტები გაიაფდა

“ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ პროდუქტები გაიაფდა, “უბრალოდ ამას ზოგიერთი ვერ ხედავს, თავად კი კარგად ამჩნევენ.“

პროდუქტებიც რომც გაიაფდეს, თქვენ და თქვენი ტელევიზია ვერ დაინახავს, - უთხრა “ტვ პირველის“ ჟურნალისტს ირაკლი ჭეიშვილმა და მისი კომენტარის სრულად გამოქვეყნება მოსთხოვა. 

პროდუქტებიც რომც გაიაფდეს, თქვენ და თქვენი ტელევიზია ვერ დაინახავს, მე კი ვხედავ. ქარდზე თუ გამომაქვეყნებთ, მე ვხედავ, მარტო ეს არ გამოაქვეყნოთ. თქვენ რომ ვერ ხედავთ ამით დაიწყეთ და მერე ჩემი კომენტარით დაასრულეთ. ახლა იცი რას გამოქვეყნებთ ქარდზე? ჭეიშვილი ხედავს გაიაფებულ პროდუქტებს. წინაპირობა რაც აქვს, ისიც გამოაქვეყნეთ და ჩემით დაასრულეთ, - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.

ფასების შემცირებას ხედავს ლევან მაჭავარიანიც - როგორც ის ამბობს, მას შემდეგ, რაც ფასების კომისიამ რეკომენდაცია გასცა და საიტი შეიქმნა, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ჩეკის ფასი 43 ლარიდან 37-მდე შემცირდა. 

რა თქმა უნდა პირველ შედეგებს ვხედავთ, მოკლევადიან რეკომენდაციებში რაც გვქონდა გაცემული ამ კომისიას და ვხედავტ, რომ პლატფორმა ჩამოყალიბდა, სადაც თუ არ ვცდები 13 პროდუქტია პირველადი მოხმარების, 12 ქსელი იღებს ამაში მონაწილეობას, ასევე, ვხედავთ, როგორი ექსკლუზიური შეთავაზებები აქვთ ამ პროდუქციაზე. ჩვენ მოლოდინი გვაქვს რომ ეს ასორტიმენტი გაიზრდება. პირველადი რეკომენდაცია, რომელიც შესრულდა და რომელიც ეხება კონკრეტულად 13 პროდუქტს, ამ მიმართულებიტ სედეგი არის სახეზე და ეს ქსელები ერთმანეთთან რეალურ კონკურენციაში არიან. ფასების განახლება პლატფორმაზე ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, როდესაც პლატფორმა შეიქმნა, საშუალო ჩეკი იყო, თუ არ ვცდები, 43 ლარი, ახლა არის 37 ლარამდე შემცირდა, ეს არის სწორედ იმ მოკლევადიანი რეკომენდაციის შედეგი, რომელიც ფასების კომისიამ გასცა- თქვა ლევან მაჭავარიანმა.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა.
  • საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ივნისის მონაცემებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.
  • ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქსტატი