რეპრესირებულია კრიტიკული მედია, შეტევა მიმდინარეობს პროტესტის მონაწილეებზე და ელენე ჯერ კიდევ ციხეშია - ზურა ჯაფარიძე "ალდეს" ყრილობაზე
ელენე ხოშტარიასთვის განკუთვნილი სკამი დღეს "ალდეს" ყრილობაზე ცარიელი იყო - დაპატიმრებულ ქალ პოლიტიკოსზე დღეს მისმა თანაგუნდელმა, კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ისაუბრა.
ჯაფარიძემ ასევე მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ საქართველოში არა მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლა, არამედ ბევრად უარესის სიტუაციაა.
ოპოზიციონერმა ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რეპრესირებულია კრიტიკული მედია, ტომ შეტევა მიმდინარეობს პროტესტის მონაწილეებზე და იღებენ ისეთ კანონებს, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
ჩვენ მილიარდერის მიერ სახელმწიფოს მიტაცებას ვხედავთ, ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიული უკუსვლა - სიტუაცია ბევრად უარესადაა. ჩვენს ქვეყანაში რეპრესიების ქვეშაა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, თუმცა, მათ წინააღმდეგ მიღებულია კანონები. რეპრესირებულია კრიტიკული დამოუკიდებელი მედიაც. საოზოგადოების ნაწილი ისევ ტელევიზიიდან იღებს ახალ ამბებს. ჩვენ მხოლოდ ორი თავისუფალი მედია დაგვრჩა. განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს პროტესტის მონაწილეების მიმართ. მათ წინააღმდეგ შემზღუდავი კანონებია მიღებული, ასევე ოპოზიციის წინააღმდეგ. ისინი გეგმავენ რომ საერთოდ აკრძალონ პოლიტიკური პარტიები. ჩვენ ვიყავით ციხეში, ელენე ჯერ კიდევ ციხეშია. ეს არის რეალობა", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
" მაშინ, როცა ფართო რეგიონი ამცირებს რუსეთის გავლენას, საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი მმართველობა რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ სიმაგრედ და სატელიტად გადააქცია"- ამის შესახებ იმ რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, რომლის მიღებასაც "ალდე" აპირებს.
სამუშაო დოკუმენტში ორი ძირითადი მიმართულებაა - ერთის მხრივ შეფასებულია საქართველოში არსებული ვითარება და მეორეს, მხრივ, "ალდე" აყალიბებს, თუ სად არის გამოსავალი.
პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხა სახელმწიფოებიდან არიან, თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი გზით მიჰყავს - დოკუმენტის სათაურშივეა გამოტანილი" რუსეთისკენ მიმავალი გზა, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება".
მეორეს მხრივ ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ერთიანი და მკაფიო პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს"ივანშვილის რეჟიმის" წინააღმდეგ" .
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას თავისი სურვილის მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი.
რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დაპატიმრებების სერიის მიმართ, რომელიც მიმართულია, როგორც პოლიტიკოსების, ისე აქციის მონაწილეების მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში რეზოლუციაში ნახსენები არიან, როგორც ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ისე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.
ALDE -რეზოლუციის პროექტში მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები როგორც მათ მიმართ, ვინ პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ისე „ივანიშვილის რეჟიმის“ ხელის შემწყობებსა და დამფინანსებელ ქსელებზე.
აქვე, ALDE რეკომენდაციას უწევს მკვეთრი ზღვრის შენარჩუნებას რეჟიმსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, იმით, რომ არ იქნას გაუქმებული უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.