პატიმართა რაოდენობა იზრდება - რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს ციხეში "ოცნების" მმართველობის პერიოდში
ყაველაშვილის ადმინისტრაცია განცხადებებს იბარებს, მაგრამ ვერ გასცემს ინფორმაციას, როდის გაუღებს „ქართული ოცნება“ ციხის კარს შეწყალების მომლოდინე ათასობით მსჯავრდებულს.
შეწყალების აქტი ყაველაშვილის ხელმოწერით ბოლოს 19 იანვარს გამოიცა. მას შემდეგ თითქმის 6 თვე გავიდა. აღდგომამაც და გიორგობამაც ისე ჩაიარა, რომ მიხეილ ყაველაშვილს არცერთი პატიმარი არ შეუწყალებია.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში სასჯელს 12 ათას 135 ადამიანი იხდის.
- განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქსნის ციხეში, სადაც დასაშვებზე 57%-ით მეტი პატიმარია შესახლებული. გლდანში ეს მაჩვენებელი 32%-ს შეადგენს, ხოლო ქუთაისის მეორე ციხეში საკნებში განთავსებულთა რაოდენობა ლიმიტს 30%-ით აჭარბებს.
"იანვრის მონაცემებს რომ შევადაროთ, მაშინ დაახლოებით 8 ათას 600 პატიმარი იყო. ახლა 40%-იანი ზრდა გვაქვს – რაოდენობამ 12 ათასს გადააჭარბა და ეს ტენდენცია მზარდია"- აცხადებს იურისტი გიორგი ბურჯანაძე.
2025 წლის იანვართან შედარებით, პატიმართა რაოდენობა თითქმის 40%-ით არის გაზრდილი. ეს სწორედ ის წელიწადნახევარია, რომელიც საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ ტოტალური რეპრესიების პერიოდად მონათლა.
რა მიზანს ემსახურება ციხეების გადავსება? - უჩა ნანუაშვილი, რომელიც ომბუცმენად „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაამტკიცა, მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს ადამიანები ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს აყვანილი, რათა ციხის შიშით პროტესტი ჩაახშოს, ხალხი გააჩუმოს და ძალაუფლება გაიხანგრძლივოს.
ციხეები რომ გადაივსო, ეს პირდაპირ აისახა პატიმართა ყოველდღიურბაზე. პრეტენზია ბევრია, თუმცა არსებობს შესაძლებლობების ზღვარიც.
"ციხის თანამშრომლებს ხშირად ფიზიკურად უჭირთ პატიმართა ასეთ დიდ ნაკადთან გამკლავება"- ამბობს თორნიკე თოშხუა, აქციების სტაჟიანი მონაწილე, რომელიც ციხიდან ახლახანს გამოვიდა.
ყოფილი პატიმარი ხსნის, რომ გადატვირთული ციხე მხოლოდ ერთ საკანში ბევრ ადამიანს არ ნიშნავს. ციხის ექიმები და ბადრაგები ფიზიკურად ვერ ასწრებენ ყველა მსჯავრდბეულისთვის სამედიცინო დახმარების დროულად გაწევას.