სკანდალი: ვინ არის პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი სასტიკ ცემაში, ფანჯრიდან გადაგდების და ცოცხლად დამარხვის მუქარაში ამხელს

04.07.26 21:07
სკანდალი: ვინ არის პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი სასტიკ ცემაში, ფანჯრიდან გადაგდების და ცოცხლად დამარხვის მუქარაში ამხელს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას ცილი უმძიმეს ბრალდებას უყენებს.  სოფია სიგუა - შატბერავა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სავარაუდო ძალადობის უმძიმეს დეტალებს აღწერს. ქალი ამტკიცებს, რომ მაღალჩინოსანი ქმარი მას "12-ე სართულიდან გადაგდებით", "კასრში ჩასმითა და დამარხვით" ემუქრებოდა. სოფია სიგუა კამერის წინ ჰყვება, რომ "იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა". 

"მე-12-სართულის აივნიდან რომ გადმომკიდა, ვფიქრობდი, ნეტა იარაღი მესროლოს და არ მაწვალოს ასეთქო. გაუხსნელი მკვლელობა იქნებიო, უბედური შემთხვევაო. ხომ იცი, რომ ჩემზე უკეთ ეგ არავის გამოსდისო"- ჰყვება "შაბათის ეთერთან" პოლიციელის მოქმედი ცოლი.

დეტექტივების სამმართველოს შეფსა და სოფია სიგუას 3 არასრუწლოვანი შვილი ჰყავთ. "შაბათის ეთერის" რესპოდენტი ამბობს, რომ პოლიციელი მას ორსულობის დროსაც სცემდა. მისი ნაამბობის თანახმად, "ცემდა ისე, რომ კვალი არ დაეტოვებინა".

კასრში ჩაგსვამ, დაგმარხავ და უგზო-უკვლოდ დაკარგულებში იქნები სულ, მე ვიზრუნებ ამაზე. ხვდებით ხო რა გადავიტანე?!...

ისე მაგდებდა თავში ჩარტყმით ძირს რომ არაფერი დამმჩნეოდა. ზუსტად იცის, ეს როგორ უნდა გააკეთოს. ამ ყველაფერს როცა აკეთებდა, ტელეფონს მართმევდა და ჯიბეში იდებდა"- აცხადებს სიგუა. 

ქალი ამბობს, რომ პოლიციის გავლენიანი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, ხმის ამოღება და სამართლებრივი ბრძოლის დაწყება მხოლოდ ახლა, მიმდინარე წლის თებერვალში გაბედა.

დოკუმენტი, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ადასტურებს, რომ იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი.

 ქალის მონათხრობის თანახმად, ჩატარდა სასამართლო სხდომაც,  სოფია სიგუამ პოლიციელი ქმრის მიერ ჩადენილის შესახებ აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც, თუმცა მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლისა და მუქარის მთელი კასკადი, რომელსაც სოფიო სიგუას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რონი მესხი ხელმძღვანელობდა. სოფია სიგუა ამბობს, რომ შს მინისტრის პირადი ჩარევის შემდეგ, საქმეს "ადვოკატი ჩამოაშორეს". ქალი ამბობს, რომ წლების წინ, მესხი, მისი ქმრის მოადგილე იყო და მათი ურთიერთობაც იმ დროიდან იწყება.

მისივე მტკიცებით, პოლიციის მაღალჩინოსანმა გააჩუმა ყველა მოწმე, ვინც მის მიერ ჩადენილი ძალადობის თვითმხილველი იყო. მათ შორის დაზარალებული ქალის უახლოესი ნათესავებიც.

შენიშვნა: "შაბათის ეთერის" ანონსის გასვლის შემდეგ, ჟურნალისტ მაკა ჩიცლაძეს, სოფიო სიგუას მამა, ალექსანდრე შატბერავა სანკტ პეტერბურგიდან დაუკავშირდა. კაცი ამტკიცებს, რომ შვილი ცრუობს, ძალადობის ბრალდება კი გამოგონილია. 

 იოსებ სიგუას სიმამრმა სხვა კითხვებზე არ უპასუხა, მათ შორის იმაზე, რატომ ითხოვს მისი პოლიციელი სიძე სიდედრისა და სიმამრის ქონებების დაყადაღებას.

უფრო კონკრეტულად:

  • "შაბათის ეთერმა" მოიპოვა შეთანხმების დოკუმენტი - გარიგება 2026 წლის 4 მარტით თარიღდება, ანუ შედგენილია იოსებ სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან 2 კვირის შემდეგ. ნოტარიუსის დამოწმებულ ორმხრივ შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ თუ სოფია სიგუა, პოლიციელი ქმრის წინააღმდეგ, პროკურატურაში შეტანილ სარჩელს გამოიტანს და შემაკავებელი ორდერის გაუქმებას მოითხოვს, ქორწინებაში თანაცხოვრებისას შეძენილი ქონების თანამესაკუთრე გახდება, რაც მანამდე ასე არ იყო.
  • შეთანხმებიდან 3 თვეში, სოფია სიგუას თქმით, პოლიციის მაღალჩინოსანმა უარი თქვა ალიმენტის გადახდაზე, მოითხოვა გარიგების გაუქმება და მისი შვილების დედასთან თანასაკუთრებაში არსებული ქონებების უკან დაბრუნებაც

საგიჟეთში წაგიყვან. იქ რაღაც ნემსს შეგიყვანენ, მერე ალტერნატიული ექსპერტიზა რომც ჩაიტარო, ეს ნივთიერება უკვე აღმოგაჩნდება ორგანიზმში და დამთავრებულია შენი ამბავი. მისივე სიტყვებით გადმოგცემთ. მომიყვა როგორ მომიღებს ბოლოს, მისი შვილების დედას. ორსულსაც რომ მცემდა მოწმეები მყავს, გენინსპექციამაც იცის" ჰყვება ქალი.

ვინ არის იოსებ სიგუა?

  • იოსებ სიგუა საზოგადოებამ პირველად, ხორავას საქმის გამომძიებლის რანგში გაიცნო. მას დათუნა სარალიძის მკვლელობის ფალსიფიცირებას ედავებოდნენ. 
  • იოსებ სიგუას გვარი გამოჩნდა საბა სხვიტარიძის წამების საქმეშიც. 2024 წლის 5 დეკემბერს, სხვიტარიძის მიმართ, პოლიცილების მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, თავად დაკავებულის მონათხრობის თანახმად, სწორედ სიგუას სამმართველოში მოხდა.
  • იოსებ სიგუა, მესამე სექტორმა, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის წინააღმდეგ შეკერილი საქმის ერთ-ერთ ავტორადაც დაასახელა.
  • ყოფილი სამხედრო, რომელიც 2024 წელს, აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს, ყვება, რომ საწამებლად ის სწორედ იოსებ სიგუას კაბინეტში, სამმართველოს მეოთხე სართულზე ჰყავდათ აყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნის ცოლის მძიმე ინტერვიუდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ხდება ცნობილი. დეტექტივების სამმართველოს უფროსს სამშენებლო ბიზნესი, მეგობარზე სავარაუდოდ ფიქტიურად ჰქონდა გაფორმებული და წილს მილიონებიან საქმეში, რეალურად თავად ფლობდა. რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება და სამართალდამცველს, ავტომატურად სამართალდამრღვევად აქცევს.

მაკა ჩიხლაძის სოეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები