ღარიბაშვილი ციხეში კობახიძის ჩურჩულის გამო ზის - ირმა ინაშვილი
"ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში კორუფციის გამო ნამდვილად არ ზის"- ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა TV პირველის ეთერში განაცხადა.
ირმა ინაშვილი დარწმუნებულია, რომ ექს-პრემიერი ირაკლი კობახიძის შურისძიების მსხვერპლია.
"კობახიძის ჩაჩურჩულების პოლიტიკის შედეგია ის, რომ ღარიბაშვილი ციხეში ზის" - თქვა ინაშვილმა გადაცემა "რეაქციაში".
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ საუბრობს და მომხდარში პასუხისმგებლობას ირაკლი კობახიძეს და იმ პოლიტიკოსებს აკისრებს, რომლებიც ვალდებულები იყვნენ საპარლამეტო კონტროლი განეხორციელებინათ.
სად იყვო, ეს ხალხი [საუბრობს საპარლამენტო კონტროლზე] როცა ერთი თურმე [სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს] ქოლ-ცენტრს მფარველობდა, მეორე [ჯუანშერ ბურჭულაძე] ჯარის ფულს იპარავდა, ხალხი უფასო სასადილოების ფულს ჭამდა ხალხი. რაღაც ხომ არსებობს, რაც არ უნდა გააკეთო? ხელი არ უნდა მოკიდო. სად იყო ეს ხალხი, ანუ საპარლემენტო კონტროლი სად იყო, არ იყო პასუხისმგებელი კობახიძე? გინდ თალაკვაძე და სხვები?"- აცხადებს ინაშვილი.
ინაშვილი მიმართავს ბიძინა ივანიშვილსაც და ურჩევს, "სასწრაფოდ დაასვენოს ირაკლი კობახიძე".
"თუნდაც ირანში დანიშნეთ ელჩად" - მიმართა ინაშვილმა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს.
"ცვლილება უნდა მოხდეს და ეს უნდა გააცნობიეროს ბატონმა ივანიშვილმა, შეუძლებელია, ასეთი რეჟიმით ეს ქვეყანა განვითარდეს, გაწყდება ეს ქვეყანა" - დასძინა მან.
ინაშვილი თვლის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღება, ირაკლი კობახიძემ "ჩურჩულის პოლიტიკის" შედეგად მიაღებინა ბიძინა ივანიშვილს.