დაბლოკა თუ არა აშშ-მ პრემიერის ვიზიტი ამერიკაში - დემოკრატიის სამიტზე ღარიბაშვილს სალომე ზურაბიშვილი ჩაანაცვლებს

22.11.21 15:20
დაბლოკა თუ არა აშშ-მ პრემიერის ვიზიტი ამერიკაში - დემოკრატიის სამიტზე ღარიბაშვილს სალომე ზურაბიშვილი ჩაანაცვლებს

აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე, პრემიერ-მინისტრის  ნაცვლად პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი,  წავა. ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილმა თავად დაადასტურა. 

ფაქტი, რომ პრემიერი დემოკრატიის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება, ოპოზიციაში რამდენიმე ვერსიას აჩენს. ენმ-ს წევრი, ნონა მამულაშვილი, ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ დასავლეთს ბევრი პრეტენზია აქვს, რის გამოც ის სამიტზე მიწვეული არ იქნა. 

ამისთანა ადამიანი მიუღებელია ამისთანა ფორუმს რომ ესწრებოდეს, იმიტომ, რომ როდესაც გვაქვს ლაპარაკი დემოკრატიაზე და წინსვლაზე, ირაკლი ღარიბაშვილი არის უკანასკნელი ადამიანი,რომელიც გაგვახსენდება ამ მიმართულებით. ეს იცის ამერიკამ. ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზია არსებობს. მით უმეტეს იმ ფონზე, რა გამონათქვამები და ქმედებები ჰქონდა. მე რამდენადაც ვიცი, ის  ნამდვილად იყო მიწვეული, ოღონდ ონლაინ ფორმატში და მე ვფიქრობ, მისთვის მიუღებელი იყო ამ ფორმატში მონაწილეობა, - თქვა მამულაშვილმა.

"ქრონიკა+"-ის რედაქტორი, ელისო კილაძე, მოსალოდნელ სამთავრობო ცვლლებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა სერიოზულად აღარც განიხილება. 

ღარიბაშვილის ფენომენი აღარც უნდა განვიხილოთ სერიოზულად იმიტომ, რომ ჩემი ინფორმაციით, ახალ წლამდე ჩვენ გველოდება სამთავრობო ცვლილებები პოლიტიკური კრიზისის გადასაფარად. პრაქტიკულად, უკვე გადაწყვეტილია, რომ ირაკლი ღარაბაშვილს კახა კუჭავა,  ანუ პარლამენტის თავმჯდომარე, ჩაანაცვლებს, რომელიც არის მოზომილი შედარებით თავის განცხადებებში, გახსოვთ, რომ ძალადობაც დაგმო, ევროკავშირის ჩამოხეული და დამწვარი დროშაც თავად აღმართა და გარკვეული პოზიტიური დამოკიდებულება დასავლეთს თუ ვინმეს მიმართ აქვს, აქვს კახა კუჭავას მიმართ, - თქვა კილაძემ. 

დაბლოკა თუ არა დასავლეთმა სამიტზე  საქართველოს მთავრობის მეთაური, უცნობია, თუმცა აღნიშნულს წინ უძღოდა პატიმარი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, წერილი, რომელიც მან ბაიდენის ადმინისტრაციას მისწერა.

სააკაშვილი აშშ-ს მთავრობას სთხოვდა, გაეუქმებინა გადაწყვეტილება და სამიტზე საქართველოს მთავრობა აღარ მიეწვია.

მსგავსი სიახლეები