"ოცნება" ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან ურთიერთობის გასაწყვეტად ემზადება?
"ქართული ოცნება" ეუთო/ოდირთან კავშირის გაწყვეტას გეგმავს. ივანიშვილის პარტია გაბრაზებულია, რომ საკუთარი პოზიცია ვერ გაიტანა და ასამბლეამ კრიტიკული დეკლარაცია მაინც დაამტკიცა.
კალაძის კომენტარი მიანიშნებს, რომ სავარაუდოდ მომავალი არჩევნებიც საქართველოში ავტორიტეტული ორგანიზაციის დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება.
კალაძის ნარატივი პარლამენტში გაიმეორეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წამოცდენა არ ყოფილა და იდეა პარტიაში უკვე მუშავდება. ეუთო/ოდირის დასკვნა ოცნებისთვის ბოლო წლებში განსაკუთრებული თავსატეხი იყო. ორგანიზაციამ 2024 წლის არჩევნებში სერიოზული დარღვევები გამოავლინა და მათი გამოძიების რეკომენდაცია გასცა. ამის გამო ოცნებამ 2025 წელს ორგანიზაცია მოიწვია, თუმცა ეს ბოლო მომენტში გააკეთა . ახლა სავარაუდოა, რომ ავტორიტეტული დამკვირვებლების შეფასებისგან თავის არიდების არგუმენტად ჰააგის დეკლარაციას გამოიყენებენ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასე ხელისუფლება მაშინ იქცევა, როცა არჩევნების გზით სახელმწიფოს მიტაცებას და ძალაუფლების ყველაფრის ფასად შენარჩუნებას გეგმავს.
ჰააგის დეკლარაციაში წერია, რომ მომავალი არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება, თუ ქართული ოცნება საარჩევნო გარემოს არ გამოასწორებს. აქ იმ კანონების გაუქმება იგულისხმება, რომლებიც ოცნებამ 2024 წლის შემდეგ თავისუფალი არჩევნების წინააღმდეგ მიიღო. მაგალითად არსებული კანონმდებლობით პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლა მნიშვნელოვნად შეზღუდულია.