თავისუფლების ჯაჭვი სააკაშვილისთვის! - ფართომასშტაბიანი აქცია "ვარდების რევოლუციის" წლისთავზე
თავისუფლების ჯაჭვი მიხეილ სააკაშვილისთვის! ხვალ თბილისში მასშტაბური დემონსტრაციაა დაგეგმილი. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილები საკრებულოს შენობიდან "რედისონამდე" ცოცხალ ჯაჭვში ჩადგებიან და ამ ფორმით "ვარდების რევოლუციის" მთავარ შემოქმედს მადლობას ეტყვიან.
აქცია-პერფორმანსი ხუთ საათზე დაიწყება. "ვარდების რევოლუციიდან" ხვალ 18 წელი შესრულდება.
რევოლუციას წინ უძღოდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევდა.
არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო პარლამენტის შენობის წინ აქციები დაიწყო. აქციის ორგანიზატორები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" და "გაერთიანებული დემოკრატები".
20 დღის განმავლობაში პროტესტი არ განელებულა. პროტესტმა მაშინ მთელი საქართველო მოიცვა. გაბრაზებული ადამიანები ქუჩაში გამოდიოდნენ დედაქალაქშიც და რეგიონებშიც. მთავარი მოთხოვნა მალევე ედუარდ შევარდნაძის გადადგომა გახდა.
2003 წლის 22 ნოემბერს, 16:00 საათზე 2 ნოემბრის არჩევნების შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტის სხდომა დაინიშნა. სხდომაზე ედუარდ შევარდნაძეც მივიდა. დაახლოებით 16:15 საათზე მომიტინგეები, რომელთაც წინ მიხეილ სააკაშვილი მიუძღოდა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. პირადმა დაცვამ შევარდნაძე საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გაიყვანა.
კვირას, 23 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.