"ინტერესთა კონფლიქტია" - კრამონი გერმანიის ელჩის მეუღლეზე
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის ცოლის ევა მარია კნირშთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის დაფინანსებას მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქისგან იღებს, რაც ცალსახად ინტერესთა კონფლიქტია. კრამონი ელჩის ცოლს სამსახურის დატოვებისკენ მოუწოდებს.
ყოველგვარ პოლიტიკურ აზრსაა მოკლებული, როცა ამდენად პოლარიზებულ ქვეყანაში, გერმანიის ელჩის მეუღლე ანაზღაურებად საქმიანობას ეწევა უნივერსიტეტში, რომელიც დაფინანსების 99%-ს მმართველი პარტიის უკან მდგომი ოლიგარქისგან იღებს. რასაკვირველია, საქმე ინტერესთა კონფლიქტთან გვაქვს, მისი ქმრის პოლიტიკურ საქმიანობასთან მიმართებით. პირადად მე, ეს ძალიან პრობლემურად მიმაჩნია და მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო, შეწყვიტოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც სამთავრობო კონტრაქტებით მიღებულ შემოსავალს გულისხმობს", - ამბობს ფონ კრამონი გამოცემა Bild-თან საუბრისას.
გერმანულმა გამოცემამ ჰუბერტ კნირშთან დაკავშირებით ვრცელი და კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორი გერმანიის ელჩზე საქართველოში სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამს და წერს, რომ გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობის მომხრედ არის მიჩნეული, მისი მეუღლე კი ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტშია დასაქმებული.