სტრასბურგიდან წერილი მას შემდეგ მივიღეთ, რაც სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შევთავაზეთ - იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი 19 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
მისი თქმით, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა“, ხოლო საქართველოს მტავრობას მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული რეკომენდაცია.
სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. სასამართლომ, აგრეთვე, დააზუსტა, რომ ორივე მხარის მიმართ დაკისრებული ღონისძიებები იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უპირობო, რითაც მიანიშნა მომჩივანი, რომ შიმშილობის შეწყვეტისთვის რაიმე წინაპირობის დაწესება დაუშვებელი იყო, - განაცხადა ძამაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს შუალედური ინფორმაცია უკვე ორჯერ გაუგზავნა.
მას შემდეგ, რაც პატიმარი გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და წარმატებით მიმდინარეობს მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდის მკურნალობა, ევროპული სასამართლოს მიერ ორივე მხარის მიმართ გაკეთებული მითითებები შესრულებულია. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია და საბოლოო ინფორმაცია გაიგზავნება დათქმულ ვადაში, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოდან ევროსასამართლოს მოთხოვნით გადაიყვანა. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა "ქართულ ოცნებას" 19 ნოემბერს დაავალა, იუსტიციის სამინისრტრომ კი მოსამართლე პალატის გადაწყვეტილება არ გაახმაურა და ექპსრეზიდენტის გორის ჰოპიტალში ეტაპირება ჰუმანურობით ახსნა.