სააკაშვილთან შესვლა ძალიან გართულებულია - ნინო ლომჯარიამ გორის ჰოსპიტალი უკვე დატოვა

23.11.21 20:16
სააკაშვილთან შესვლა ძალიან გართულებულია - ნინო ლომჯარიამ გორის ჰოსპიტალი უკვე დატოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან სახალხო დამცველმა ვიზიტი უკვე დაასრულა. ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა ძალიან გართულებულია, რადგან 3 სამინისტროს, იუსტიციის, თავდაცვისა და ჯანდაცვის, წარმომადგენლები ერთმანეთთან რეკავენ, შემდგომში კი ვიღაც უცნობ პირს უკავშირდებიან, რომელიც საბოლოოდ წყვეტს შეშვების საკითხს. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობას, ლომჯარიას ინფორმაციით, გარკვეული საკითხები გამოსწორებულია.

პირველ რიგში, აღვნიშნავ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა ძალიან გართულებულია. მასთან შესასვლელად 2 საათი დამჭირდა. ან შენობაში კომუნიკაცია თავდაცვის, ჯანდაცვის სამინისტროებსა და პენიტენციურ სამსახურს შორის გართულებულია. როცა შედიხარ, ჯერ ერთმანეთში რეკავენ, მერე ვიღაც პირთან, არკვევენ რაღაცეებს, ეს გაუგებარია. 

რაც შეეხება სააკაშვილის უფლებრივ საკითხებს, რა შენიშვნებიც წინა ვიზიტის დროს მივეცით, გამოსწორებულია. მაგალითად, ბადრაგი აღარ ესწრება მის სამედიცინო გასინჯვებს. პრობლემაა ის ამ ეტაპზე, რომ მას გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება, მოსაგვარებელია მისთვის სასეირნო სივრცის გამოყოფის საკითხი, რაც შეეხება ფანჯარას, ეს მოგვარდა და სუფთა ჰაერი შემოდის ოთახში. 

სტრასბურგთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი ინფორმირებული იყო, თუმცა გარკვეული კითხვები დამისვა. სახალხო დამცველის აპარატის მიმართ ძალიან მადლობელია და აღნიშნავს, რომ კონსილიუმის დასკვნა გადამწყვეტი აღმოჩნდა და თქვა, რომ საერთაშორისო გამოხმაურება სწორედ ჩვენი კონსილიუმის დასკვნას მოჰყვა. 

მიხეილ სააკაშვილი მადლიერია, რომ დღეს მისი სიცოცხლე საფრთხეში აღარ არის - განუცხადა მედიას ნინო ლომჯარიამ. 

მსგავსი სიახლეები