როგორ გავხდეთ მილიონერი კალაძის ერთი ხელმოწერით - ჟურნალისტური გამოძიება

18.07.26 21:22
როგორ გავხდეთ მილიონერი კალაძის ერთი ხელმოწერით - ჟურნალისტური გამოძიება

დანელიას ქუჩის მიმდებარედ, ნაფეტვრების კლდე იშლება  - კლდეზე აშენებული კერძო სახლები საფრთხეშია. ადგილობრივები ამბობენ, რომ თბილისის მერის სახელზე ადგილობრივების განცხადებები და  ექსპერტიზის დასკვნები, სადაც ეწერა, რომ აქ მშენებლობა დაუშვებელი იყო, ერთმანეთის მიყოლებით შედიოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, კახა კალაძის უწყებამ ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზის ფერდობზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვა მაინც გასცა. მოქალაქეების თქმით, შედეგად, კლდე ჩამოიშალა, ადგილობრივების ნაწილს კი სახლების დატოვება მოუწია. 

ვის ეკუთვნის ტერიტორია, რომელიც ახლა სამშენებლო პოლიგონია?!

  • მდიდრულ საცხოვრებელ კომპლექსს დანელიას ქუჩის 54 ნომერში, ბიზნესმენ კოტე გოგელიას დის შვილის სამშენებლო კომპანია, "იდეა დეველოპმენტი" აშენებს, თუმცა ეს ქონება დეველოპერის  ხელში თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნისგან აღმოჩნდა. 
  • გიორგი ტვილდიანი თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელია - 37 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია, მერიის ყოფილმა მაღაჩინოსანმა თბილისის მერიისგან მიიღო. მიწის ნაკვეთები დაყო, სამშენებლო ნებართვები მიიღო და დეველოპერებზე გაყიდა. მერის ერთი ხელომოწერით მერიის ყოფილი მაღალჩინოსანმა რამდენიმე მილიონი ლარი მიიღო. გიორგი ტვილდიანის მამა იოსებ ტვილდიანი თბილიში ზემო ვერაზე, მთაწმინდის ფერდზე  4124 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ფლობდა. ეს ქონება მას 90 წლებში გადაეცა. თბილისში გენერალური გეგმით იქ მშენებლობა აკრძალული იყო და გზაც კი არ მიდიოდა. მერიამ კი ამ ტერიტორიის სანაცვლოდ ტვილიდიანს ვაკე- საბურთალოს გასაყარზე, დანელიას ქუჩზე თითქმის 10 ჯერ უფრო დიდი ტერიტორია გადაეცა, ტვილდიანმა მიიღო მიწა სასტუმროს ასაშენებლად ძველ თბილისში მთავარანგელოზის ქუჩაზეც.

თბილისის მერია მისივე უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეში რომ დიდი დოზით იყო ჩართული, ამას ადასტურებს ყველა ბრძანება, რომელიც გიორგი ტვილდიანისთვის მიწის მონაცვლეობის მიზნით გამოიცა:

  • 2019 წელს დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოს მიმართა და ზემო ვერაზე მდებარე 4 124 კვადრატული მეტრი მიწის სანაცვლოდ, ტვილდიანისთვის სახელმწიფოს კუთვნილი ორი მიწის ნაკვეთის გადაცემა ითხოვა. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს გიორგი ტვილდიანი საჯარო მოხელე იყო და ნაძალადევის გამგეობაში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. კახა კალაძის მოთხოვნა თბილისის საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა. განკარგულებას კი,  რომელიც 2019 წლის 24 მაისით თარიღდება, ხელი  გიორგი ტყემალაძემ მოაწერა.
  • თბილისის განვითარების ფონდის ყოფილმა შეფმა სახელმწიფოსგან მიღებული 37 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია შვიდ ნაწილად დაყო, ნაწილი კოტე გოგელიას დის შვილს მილიონ 500 ათასს დოლარად მიყიდა. სწორედ ამ ტერიტორიაზე მოჭრეს ფერდი, რამაც ადგილობრივების თქმით, კლდის ჩამოშლა გამოწვია.

მერიამ ჯერ ხალხის 37 ათასი კვადრატული მეტი ტერიტორია გიორგი ტვილდიანს 4000 კვადრატულში გაუცვალა, მაგრამ ეს ისტორია ამით არ სრულდება - გასცა მრავასართულიანი კორპუსების მშენებლიბის ნავბრთვაც იქ, სადაც ეს არ შეუძლება:

  • 2023 წლის 8 მაისით დათარიღებული გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილში ნათქვამია, რომ  2019 წლიდან ნაფეტვრების გზის მიმდებარედ არსებული ეს ნაკვეთები გეოლოგიური საფრთხეების მაღალი რისკის ზონაში ირიცხებოდა. დასკვნაში პირდაპირ ეწერა, რომ აქ მშენებლობა მეწყერსა და ქვათაცვენას გამოიწვევდა. მიუხედავად ამისა,   მერიამ უწყების ყოფილ მაღალჩინოსანს 14-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მაინც მისცა. მერიაში საბუთების შემტანიც, ნებართვის მომთხოვნიც და პროექტის არქიტექტორიც თავად გიორგი ტვილდიანი იყო.

დანელიას ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოების გამო კლდის ჩამონგრევისა და საცხოვრებელი სახლების დაზიანების მიუხედავად, კომპანია "იდეა დეველოპმენტი" ჯერ კიდევ აუშენებელ კორპუსში ბინებს მაინც აქტიურად ყიდის.

  • კალაძის ხელმოწერილი მიწის გაცვლის შეთანხმება, ტვილდიანისთვის სარფიანი გარიგება აღმოჩნდა: მიწის ნაწილი გაყიდა, ნაწილზე კი თავად აპირებს კორპუსების აშენება. 18 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია ჩამოშლილი კლდის მიმდებარედ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის საკუთრებაა. კომპანია "ვაკე ფროფერთი", ტვილდიანის დედის სახელზეა გაფორმებული. ეს კომპანი აქ 39-მეტრიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესშია.

იოსელიანის ქუჩაზე მცხოვრები 36 ოჯახი გასახლების საფრთხის წინაშეა. მას შემდეგ, რაც დანელიას ფერდობზე სამშენებლო სამუშაოები და მიწის მოჭრა დაიწყო, ფერდი ჩამოიშალა. ადგილობრივების თქმით, ჩამოშლილმა კლდოვანმა მასამ იქ მომუშავე ექსკავატორი მოიყოლა, მძღოლი კი სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ტერიტორია შეისწავლა. მომზადებული დასკვნის მიხედვით, ადგილზე ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამ დოკუმენტის საფუძველზე, სამ ოჯახს საცხოვრებლის დატოვება უკვე მოუწია.

მაკა ანდრონიკაშვილის სპეციალური რეპორტაჟი