წერილის შემდეგ, "ოცნება" ტრამპისკან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ელოდება
დონალდ ტრამპის წერილს პოზიტიურად ვაფასებთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის სახელით ირაკლი კობახიძის გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ქართული მხარე მზადაა მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის.
"ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო, ძალიან მარტივად შევცვალოთ"- თქვა კალაძემ.
„რა თქმა უნდა, აღნიშნულ წერილს პოზიტიურად ვაფასებთ. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალე ვართ. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა საქართველოსთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს ის სანქციები, რომელიც იქნა დაწესებული ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე. სანქციების დაწესებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ეს იყო უბრალოდ შანტაჟის და მუქარისთვის გაკეთებული. ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო, ძალიან მარტივად შევცვალოთ. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. როდესაც ვსაუბრობთ პარტნიორობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის და როგორც ამერიკელი, ასევე, ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული,“ - განაცხადა კალაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გასულ კვირას გაავრცელა ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის მილოცვის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელით მიღებული წერილის ქართულენოვანი ვერსია.
აშშ-ს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის. წერილში ნათქვამია, რომ "ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას".