“ოცნების“ გენერირებული წერილით გახარება, ძალიან სასაცილო და კომიკურია - გრიგოლ გეგელია

20.07.26 14:09
“ოცნების“ გენერირებული წერილით გახარება, ძალიან სასაცილო და კომიკურია - გრიგოლ გეგელია

კალაძის პოლიტიკური პროვინციალიზმის ფონზეც კი ძალიან სასაცილო და კომიკურია ამ ტიპის გახარება ავტომატურად გენერირებული წერილით, - ამისშესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილსა და მასზე თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, წერილი გაეგზავნა ყველა იმ ლიდერს, რომელმაც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის 150 წლის იუბილე მიულოცა, რეალობა კი ის არის, რომ აშშ-ს გაწყვეტილი აქვს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან.

„კალაძის პოლიტიკური პროვინციალიზმის ფონზეც კი ძალიან სასაცილო და კომიკურია ამ ტიპის გახარება ავტომატურად გენერირებული წერილით, რომელიც ყველა იმ ლიდერმა მიიღო, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპსა და აშშ-ს დამოუკიდებლობის 150 წლის იუბილე მიულოცა. ის, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ამხელა ყურადღებას ანიჭებენ ერთ ავტომატურად გენერირებულ წერილს არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ მათ აქვთ ლეგიტიმაციის დიდი შიმშილი და შეგრძნება, რომ არავის აინტერესებს ისინი, არ ესაუბრებიან, არ აქვთ რეპუტაცია და მიმზიდველობა. ამიტომაც შეუძლიათ, რომ ერთ წერილზე, რომელიც ყველა ლიდერისთვის ერთნაირადაა გაგზავნილი, ამხელა სიხარული გამოხატონ. რეალობა არის ის, რომ აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს. ასევე რეალობაა, რომ აშშ-ს და მის სახელმწიფო მდივანს აქვს მკაფიოდ ნათქვამი, რომ საქართველოს მხრიდან 5 პირობის შესრულების შემთხვევაში გახდება ნორმალიზება შესაძლებელი. ხოლო თუ არ შესრულდა არც ერთი პირობა და არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება მათკენ, არც ნორმალიზება არ მოხდება. ამიტომაც „ქართულ ოცნებას“ ვურჩევდი, რომ ამ ფასადურ ავტომატიზირებულ წერილებზე, მისით გამოწვეული ყიჟინის მაგივრად, ადგეს და რეალური ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რომ საქართველომ აღიდგინოს დაკარგული სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გასულ კვირას გაავრცელა ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის მილოცვის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელით მიღებული წერილის ქართულენოვანი ვერსია.

აშშ-ს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის. წერილში ნათქვამია, რომ "ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას".

მსგავსი სიახლეები