“ოცნება“ სასაცილო მდგომარეობაშია - ოპოზიცია ტრამპის წერილს “პროტოკოლურს“ უწოდებს

20.07.26 15:28
“ოცნება“ სასაცილო მდგომარეობაშია - ოპოზიცია ტრამპის წერილს “პროტოკოლურს“ უწოდებს

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ “ივანიშვილის გუნდი ფუჭ იმედებს ამყარებს ტრამპის პროტოკოლურ, საპასუხო წერილზე“ და ვიდრე ისინი არ იქნებიან სანდო და საიმედო პარტნიორები, ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მსგავსი ტიპის წერილი ყველა სახელმწიფომ მიიღო, რომელმაც ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, თუმცა, არ ეგულებათ სხვა რომელიმე ქვეყანა, რომელიც “ამ შაბლონურ წერილს იყენებს განსაკუთრებული აგიტაციისა და პროპაგანდისთვის“.

თუ “ოცნებას“ სურს, დაანახოს ქართველ ხალხს რეალური ნაბიჯები, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ზოგადად ცივილიზებულ დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობების გადატვირთვის და გაუმჯობესების, მაშინ თავად უნდა გადადგას მნიშვენლოვანი ნაბიჯები. სასაცილო მდგომარეობაშია “ოცნება“, მე არ მეგულება სხვა რომელიმე ქვეყანა, რომელიც ამ შაბლნურ წერილს იყენებს გასნაკუთრებული აგიტაციისა და პროპაგანდისთვის, - ამბობს “გახარიას“ გუნდის წევრი, გიორგი შარაშიძე.

„პროტოკოლურს“ უწოდებს ტრამპის წერილს კოალიცია “ცვლილებების“ წევრი, გიორგი ბუტიკაშვილიც. მისი თქმით, “ოცნებამ“ ვერ შეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა, მიუხედავად იმის, რომ მცდელობა ჰქონდათ ბევრჯერ და დელეგაციებიც აგზავნა“.

ეს არის პროტოკოლური წერილი იმის ფონზე, რომ მიულოცეს 250 წლის იუბილე ამერიკას და ყველა წერილზე მსგავსი პასუხის მიიღო ყველა სახელმწიფომ. ბოლო 2 წლის მანძილზე “ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა, მიუხედავად იმის, რომ მცდელობა ჰქონდათ ბევრჯერ და დელეგაციებიც აგზავნა, ამერიკიდან არის ერთადერთი პასუხი, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ის წინაპირობები უნდა შესრულოს იმისთვის, რომ სანდოობა დაადასტუროს, რაც მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის და დემოკრატიის კუთხით, ამერიკისთვის. ამ სანდოობას მხოლოდ ასე მოიპოვებს “ოცნება“, რაც დღემდე ვერ შეძლო, - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გასულ კვირას გაავრცელა ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის მილოცვის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელით მიღებული წერილის ქართულენოვანი ვერსია.

აშშ-ს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის. წერილში ნათქვამია, რომ "ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას".

მსგავსი სიახლეები