“ოცნების ხელისუფლებას“ ნამდვილად აქვს გენერალური გეგმა ანაკლიის პორტის განადგურების და მას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს - დათუნაშვილი
ეკონომიკის სამინისტროს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნების ხელისუფლებას“ ნამდვილად აქვს გენერალური გეგმა ანაკლიის პორტის განადგურების და მას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს, - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართვეოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
დათუნაშვილი მმართველ გუნდს წლებით მანიპულირებაში ადანაშულებს და ამობს, რომ “მაშინ როდესაც, ანაკლიის პორტს 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო, „ოცნება“ დღეს ისევ მხოლოდ გეგმებზე საუბრობს.“
ეკონომიკის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტის ეფექტიანი განვითარება სწორად დაგეგმილ გენერალურ გეგმაზეა დამოკიდებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნების ხელისუფლებას“ ნამდვილად აქვს გენერალური გეგმა ანაკლიის პორტის განადგურების და მას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს! მაშინ როდესაც, ანაკლიის პორტს 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო, „ოცნება“ დღეს ისევ მხოლოდ გეგმებზე საუბრობს.
ხელისუფლება საზოგადოებას ისევ განვითარების პერსპექტივაზე ესაუბრება, საქართველოს მოქალაქეებს კი კარგად ახსოვთ წლების განმავლობაში გაცემული არაერთი დაპირება.
წლების შემდეგ, კვლავ ვისმენთ საუბარს გენგეგმაზე, კონცეფციებსა და მომავალ ნაბიჯებზე, ნაცვლად იმისა, რომ პორტი უკვე ფუნქციონირებდეს.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” წლების წინ შეადგინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმა (მასტერპლანი) წარმოადგენდა 52-წლიან სტრატეგიულ დოკუმენტს, რომელიც პროექტის 9 ფაზად განვითარებას ითვალისწინებდა. იგი გათვლილი იყო 60 მილიარდი აშშ დოლარის ეკონომიკური ღირებულების შექმნაზე. პირველ ფაზაში 2,300-ზე მეტი, ხოლო ბოლო ფაზისთვის 19,500-მდე ადამიანი უნდა დასაქმებულიყო.
ქართული ოცნება კი მოქალაქეებს ატყუებს, აქედანვე ჩანს, რომ ეკონომიკის მინისტრის დაპირება 2029 წელს ანაკლიის პორტის ამოქმედებაზე - ვერ და არ შესრულდება!
“ქართული ოცნება“ წლებია თარიღებით მანიპულირებს და ამ თარიღებში ჩაიკარგა:
- • 2022 წელს ლევან დავითაშვილმა განაცხადა: ანაკლიის პორტის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება.
- • ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წელს: სამუშაოები დაიწყება წელს, დაახლოებით შემოდგომაზე, ოქტომბერში.
- • 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის მარტ-აპრილში დაიწყება.
- • 2024 წელს ირაკლი კობახიძე: მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული. ივნისში უკვე დაიწყება სამუშაოები.
ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთხელ წარადგინა ახალი ინვესტორი და პარტნიორი, თუმცა საბოლოო შედეგი კვლავ არ ჩანს. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა - რა უშლიდა ხელს პროექტის იმ ვადებში განხორციელებას, რომელსაც თავად ხელისუფლება ასახელებდა?
პასუხი ერთია - პრობლემა არა ტექნიკურ საკითხებში, არამედ პოლიტიკური ნების არარსებობაშია.
დღეს, როდესაც მსოფლიოში სატრანსპორტო დერეფნები გადანაწილების პროცესშია და საქართველო უნიკალურ შესაძლებლობას ფლობს, ყოველი დაკარგული წელი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების ხარჯზე გადის. ეს ნიშნავს დაკარგულ ინვესტიციებს, დაკარგულ სამუშაო ადგილებს, შემცირებულ კონკურენტუნარიანობას და დაკარგულ შანსს, საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს.
სწორედ ამიტომ, ხელისუფლების დღევანდელი განცხადებები საზოგადოებაში ბუნებრივ უნდობლობას იწვევს. როდესაც ათწლეულის განმავლობაში არაერთი დაპირება ვერ შესრულდა, მხოლოდ ახალი განცხადებები ვეღარ იქნება საკმარისი. საზოგადოებას სჭირდება შედეგი და არა კიდევ ერთი დაპირება.
ანაკლიის პორტი საქართველოს სტრატეგიული ინტერესია და არა რომელიმე ხელისუფლების პოლიტიკური პროექტი. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია უპასუხოს საზოგადოებას - ვინ აგებს პასუხს დაკარგულ მილიონებზე, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტში უნდა შესულიყო და ხელიდან გაშვებულ პერსპექტივაზე, რაც ჩვენს ქვეყანას სხვა გეოპოლიტიკურ სიბრტყეში გადაიყვანდა,- განაცხადა დათუნაშვილმა.