კალაძე ქუჩების დატბორვაზე: ეს მხოლოდ თბილისში არ ხდება - არაფერია საგანგაშო

21.07.26 10:53
კალაძე ქუჩების დატბორვაზე: ეს მხოლოდ თბილისში არ ხდება - არაფერია საგანგაშო

ეს მხოლოდ თბილისში არ ხდება - ასე ეხმაურება კახა კალაძე თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩების დატბორვას. "ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც"- განაცხადა თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისის მერმა დღეს პასუხისმგებლობის ტვირთი წინა ხელისუფლებას აკიდა - კალაძე მთავრობის სხდომაზე ამტკიცებდა, რომ სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა სწორედ წინა ხელისუფლების ბრალია -"წინა წლების განმავლობაში გზებს ზედაპირულად აგებდნენ".

გუშინდელმა ძლიერმა ნალექმა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე პრობლემები შეგვიქმნა. მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ქუჩებზე, გამზირებზე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და ახლაც გრძელდება ეს ყველაფერი, რათა მოწესრიგებული და დასუფთავებული იყოს ქუჩები. როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება, ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, სადაც არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს თბილისში ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ, პირიქით, სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან მოყოლებული სადაც ვიწყებთ სამუშაოებს საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, სანიაღვრე სისტემების მოწყობა და ა.შ. გვახსოვს, წინა წლების განმავლობაში გზებს ზედაპირულად აგებდნენ. ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის დროს პირველი, რასაც ვაკეთებთ,ესა არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განახლება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად, არაფერი კეთდებოდა, დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, თუმცა არაფერი არის საგანგაშო. ეტაპობრივად ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული. სამწუხაროდ, ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანა პრობლემების დროულად მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის“,- განაცხადა კალაძემ.

წყლით სავსე ქუჩები, პარალიზებული გზები, გაჩერებული ავტობუსები და მანქანები - ასეთი სურათი იყო გუშინ ღამით თბილისში. დედაქალაქი ისევ დაიტბორა.  

უხვი ნალექის გამო რამდენიმე უბანში უმძიმესი ვითარება იყო. მოქალაქეები ქუჩებში გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. 

მოქალაქეები  კადრებს აქვეყნებდნენ წყლით გავსებული ავტობუსებიდანაც. ხალხი დახმარებას მთელი ღამე ითხოვდა. 

 

მსგავსი სიახლეები