"200 ათასი ლარი გამოიყო გართობისთვის" - ოპოზიცია ოზურგეთის მერს ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
"200 ათასი ლარი გამოიყო გართობისთვის" - ოპოზიცია ოზურგეთის მერს, პაატა კუნჭულიას ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
"ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობის" წევრი, თათია ნიკოლაშვილი აცხადებს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი "ჩინოვნიკებისთვის სუფრების მოწყობასა და გართობაში" იხარჯება, მაშინ, როდესაც გურიაში 5 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
ოზურგეთის მერის ტაშ-ფანდური ხალხის ხარჯზე გრძელდება. 200 ათასი ლარი გამოიყო არა მშიერი ბავშვებისთვის, არა წამლისთვის, არამედ გართობისთვის, პირდაპირი ხარჯი არის გართობა, სუფრების მოწყობა ჩინოვნიკებისთვის და ეს ხდება იმ ოზურგეთში, სადაც ახლახანს კობახიძემ რომ სტატისტიკა შეცვალა სოციალურად დაუცველთა, ამ შეცვლილი სტატისტიკის ფონზეც 5 ათასი ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, თუმცა ეს ციფრი, სანამ კობახიძე ჯოხს დააქნევდა და იტყოდა, რომ აღარ არიან ღარიბებიო, 8 ათასი იყო და ამ ფონზე მერად წოდებული კუნჭულია ხარჯავს ამ ხალხის და გაჭირვებული ადამიანების ფულს სუფრების მოწყობაში, ცეკვაში და სიმღერაში," - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.