ქალაქის დატბორვაზე პასუხისმგებელი სწორედ კახა კალაძეა - ოპოზიცია
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ნალექის დროს ქალაქის დატბორვაზე პასუხისმგებლობა კახა კალაძეს აკისრება. პოლიტიკოსი საბა ბუაძე პირდაპირ ამბობს, რომ სანიაღვრე სისტემების გაუმართავობა, სწორედ თბილისის მერის ბრალეულობაა, რომელიც თანამდებობას მხოლოდ ფულის შოვნისთვის იყენებს.
ქალაქის დატბორვაზე და საჯარო ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება იმ ძალას და იმ ადამიანს, რომელიც ათ წელზე მეტია მართავს ქალაქს და რა თქმა უნდა, კალაძის პასუხისმგებლობაა ის, რომ სანიაღვრე და სადრენაჟო სისტემები ამ ქალაქში არ არის მოწესრიგებული, არ არის მოწესრიგებული და მომზადებული, მათ შორის, უხვი ნალექისთვის და ამავდროულად, ამ უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული დატბორვა დიდწილად განპირობებულია იმ ურბანული გენოციდით, რომელზეც აპასუხისმგებელი არის კახა კალაძე. მისი მერობის პერიოდში 375 კვ მეტრზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. თბილისზე გაცილებით უფრო ინტენსიური და უხვი ნალექი არის როტერდამში, კოპენჰაგენში, იაპონიაში და ტოკიოში, სადაც ქალაქი ბევრად უფრო მომზადებული ხვდება წვიმას და ასეთი ტიპის ზიანი არ დგება. ეს ადამიანი თანამდებობას იყენებს კორუფციისთვის და პირადი გამდიდრებისთვის, შესაბამისად, მისი ინტყერესის სფეროში საერთოდ არ შედის ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწინავე ტექნოლოგიებით და მიდგომებით უზრუნველყოფა, - ამბობს საბა ბუაძე.
კალაძის და მერიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს გახარიას გუნდის წევრი ტატა ხვედელიანიც.
პასუხისმგებლობა არის ქალაქის მთავრობაზე, რომელსაც კომპეტენციის ნაკლებობა აქვს და არის კორუმპირებული. ეს არის იმის მიზეზი, რომ ნებისმიერი წვიმა ასოცირდება ჩვენი ქალაქის დატბორვასთან, წყალდიდობასთან. აი, ამ გაუსაძლის პირობებში, ნალექის შემთხვევაში , შიშში და აი, ამ მდგომარეობაში ატარებენ ჩვენი მოქალაქეები ღამეებს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ამაზე პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, კახა კალაძე და მისი მთელი თბილისის მერიის ვერტიკალი, - ამბობს ტატა ხვედელიანი.
ამავე აზრს იზიარებს ენმ-ს წევრი ირაკლი ფავლენიშვილიც.
ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ყველამ კარგად ვიცით ხოლმე, რა მოხდება - სრული პარალიზება, ქაოსი და ეს შეუძლებელია, არ იყოს იმ ადამიანის ბრალეულობა, რომელიც უკვე ამდენი წელია გახლავთ თბილისის მერი, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.
ძლიერმა წვიმამ გუშინ ღამით თბილისი კვლავ დატბორა. წყლით დაიფარა ქუჩები, შეფერხდა მოძრაობა, გაჩერდა ავტობუსები და ავტომობილები. ყველაზე რთული ვითარება დიდი დიღმის, სოფელ დიღმის, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ერისთავის ქუჩაზე შეიქმნა. მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ, ხოლო თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.