ძალიან უხეშად გამოავლინა ომბუდსმენმა პოლიტიკური მიკერძოება - მიხეილ სარჯველაძე
"ქართული ოცნება" სახალხო დამცველზე თავდასხმებს აგრძელებს. მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე, ნინო ლომჯარიას მიკერძოებულებაში ადანაშაულებს. სარჯველაძის თქმით, ის რომ უცხოელი პარტნიორები ომბუდსმენის ანგარიშებს და დასკვნებს ეყრდნობიან, მის ობიექტურობაზე სულაც არ მეტყველებს.
განსაკუთრებული სიცხადით ეს წარმოჩინდა, ვფიქრობ, ბოლო დროინდელ მოვლენებში, რომელიც უკავშირდებოდა მწვავე პოლიტიკურ თემებს, სადაც ვფიქრობ, რომ ძალიან უხეშად გამოავლინა ომბუდსმენსმა პოლიტიკური მიკერძოება. ხარვეზებზე და ნაკლოვანებებზე ომბუდსმენის საქმიანობაში, ვფიქრობ, რომ ამას რეალური საფუძველი გააჩნია და უმჯობესია, სწორედ ამაზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ მოვიშველიოთ უცხოელი პარტნიორების მხრიდან დაყრდნობა ომბუდსმენის რომელიმე ანგარიშზე, ან რომელიმე შეფასებაზე, როგორც ავტომატური მიზეზი მის მიმართ პრეტენზიის ქონის აკრძალვისა, - თქვა სარჯველაძემ.
"ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველზე ორგანიზებული შტურმი განახორციელა. ნინო ლომჯარიას სიტყვიერად თავს ჯერ მმართველი პარტიის თვამჯდომარე ირაკლი კობახიძე, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესხა. პრემიერმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის გადაწყვეტილებები უსამართლოა.