90 პატიმარი და პოლიტიკური მართლმსაჯულების ბრალდება - უფლებადამცველების დასკვნა და ივანიშვილის გუნდის პასუხი
საქართველოში 90 პოლიტიკური პატიმარია - საქმეების შესწავლის შემდეგ საბოლოო დასკვნა დღეს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებში პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები იკვეთება.
საერთაშორისო ორგანიზაციის მკვლევარებმა პატიმართა საქმეები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ 90 პირის საქმეში პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები აშკარად იკვეთება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია პოლიტპატიმრის განსაზღვრისთვის ხუთ კრიტერიუმს ითვალისწინებს. თუ დაკავებისა და გასამართლების პროცესში ამ კრიტერიუმებიდან ერთიც კი დაირღვა, პირი პოლიტიკურ პატიმრად შეიძლება ჩაითვალოს. ორგანიზაციის ცნობით, ქართულ სიაში ისეთი პატიმრებიც არიან, რომელთა საქმეებში ხუთივე კრიტერიუმის დარღვევა იკვეთება.
ორგანიზაციის შეფასებით, მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია, საბა სხვიტარიძე და კიდევ 10 პირი სწორედ იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის საქმეებშიც ხუთივე კრიტერიუმია დარღვეული. დასკვნის მიხედვით, მათი უფლებები დაირღვა როგორც დაკავების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე, სასჯელები არაპროპორციულია, ხოლო საქმეებში პოლიტიკური მოტივაციის ნიშნები იკვეთება.
ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასკვნა და პოლიტპატიმართა სია მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ საქმეებს მტკიცებულებად დაერთოს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.