განგაში ნატოს სამიტზე - თურქეთის მიმართულებით რაკეტა, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან გაუშვეს
ნატოს ანკარის სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ალიანსში განგაში გამოცხადდა. გერმანული გამოცემა Der Spiegel წერს, რომ თურქეთში საჰაერო განგაშის უმაღლესი, წითელი დონე ჩაირთო მას შემდეგ, რაც რადარებმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებიდან გაშვებული რაკეტა დააფიქსირეს, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა.
Der Spiegel-ის ინფორმაციით, განგაშის სიგნალმა ნატოს შტაბბინაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ საქმე ბალისტიკურ რაკეტას ეხებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემიდან შემთხვევით გაშვებული რაკეტა იყო.
გამოცემის ცნობით, რაკეტა ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზიდან გაუშვეს. Der Spiegel აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ იყენებს რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს სამხედრო ოპერაციებისა და რეგიონული პროვოკაციების პლაცდარმად.
ოპოზიციის შეფასებით, მომხდარი კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ოფიციალური თბილისი მოსკოვთან ურთიერთობაში ესკალაციის თავიდან არიდების პოლიტიკას ატარებს, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს სამხედრო მიზნებისთვის კვლავ აქტიურად იყენებს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.