ერთი ღამის სტიქია და განადგურებული მოსავალი - "ლელოს" ლიდერები სოფელ კისისხევის მოსახლეობას შეხვდნენ

21.07.26 21:19
ერთი ღამის სტიქია და განადგურებული მოსავალი - "ლელოს" ლიდერები სოფელ კისისხევის მოსახლეობას შეხვდნენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში სტიქიის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ვენახები თითქმის მთლიანად გაანადგურა. მოსავალი, რომელსაც ადგილობრივები მთელი წლის განმავლობაში ელოდნენ, წელს აღარ იქნება. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დროულ დახმარებასა და კომპენსაციის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას ითხოვს.

დაზარალებულები ამბობენ, რომ ზარალის მასშტაბი იმდენად დიდია, მისი სრული დათვლაც ჯერ ვერ მოხერხდა. მათი თქმით, ამ დრომდე არავინ განმარტავს, მიიღებენ თუ არა კომპენსაციას და რა ოდენობის დახმარებას უნდა ელოდონ.

სტიქიის ზონაში დღეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ჩავიდა. მისი განცხადებით, ხელისუფლების რეაგირება მხოლოდ სტიქიის შემდეგ არ უნდა იწყებოდეს. კუპრაძის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, წინასწარ დაგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რათა მსგავს შემთხვევებში მოსახლეობას მინიმალური ზიანი მიადგეს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ 12 ივლისის სტიქიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ურბანული დაგეგმვის პრობლემები. მათი შეფასებით, თელავში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს რისკების გაუთვალისწინებლობამ და სამშენებლო ნორმების უგულებელყოფამ.

ოპოზიცია ასევე იხსენებს "ოცნების" გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებშიც აღიარებული იყო, რომ მდინარის კალაპოტთან კომერციული ობიექტების მშენებლობის ნებართვების გაცემა შეცდომა იყო. მათი თქმით, სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ზრდის სტიქიური უბედურებების დროს ზარალის მასშტაბს.

ვრცლად ნახეთ ანი ჩუბინიძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები