ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა და საქართველოში მოიწვია - ადმინისტრაცია

22.07.26 12:33
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა და საქართველოში მოიწვია - ადმინისტრაცია

ირაკლი კობახიძე სინგაპურშია. ქართული ოცნების ლიდერი, სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებასა და ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების პოტენციალზე. ამ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული რეფორმები, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და არსებული ბიზნესგარემო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში, სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრის დასასრულს ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია და „ისტანას“ რეზიდენციის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

გარდა პრემიერისა, კობახიძე შეხვდა სინგაპურის პრეზიდენტსაც. რის შემდეგაც სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

 

მსგავსი სიახლეები