"ველური, ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი ხელწერა" - სიორიძე ვახო სანაიას დაკავებაზე

22.07.26 14:23
"ველური, ავტორიტარული რეჟიმების დამახასიათებელი ხელწერა" - სიორიძე ვახო სანაიას დაკავებაზე

ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა გიორგი სიორიძემ საგანგე ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, საქმე ანტიკონსტიტუციურ რეგულაციებსა და არაპროპორციულ აღსრულებას ეხება, ხოლო ეს შემთხვევა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებშიც უნდა აისახოს. 

„ადამიანების თავისუფალი და განსხვავებული აზრის გამო პატიმრობაში გაშვება, „ქართული ოცნების“ ახალი ხელწერაა, ისეთი, როგორიც ახასიათებს ყველზე ველურ, ავტორიტარულ რეჟიმებს. ეს არის ანტიკონსტიტუციური რეგულაციები და აღსრულებაც არაპროპორციულია.

კონკრეტულად ვახო სანაია, დიდი ხანია „ქართული ოცნების“ რეჟიმს თვალში ეჩხირება. მას ჰქონდა მწვავე განცხადებები და შეფასებები და „ქართულმა ოცნებამ“ სამაგალითოდ სცადა მისი დასჯა. ეს კი არა მხოლოდ თავისუფალ აზრსა და მედიაზე შეტევაა, არამედ სამაგალითო შემთხვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს საერთაშორისო პარტნიორების შესაბამის ანგარიშებში.

ვახო სანაიას ვერ გატეხენ, ის ძალიან მალე დაუბრუნდება თავის საზოგადოებრივ ცხოვრებას და გააგრძელებს ამ რეჟიმის მხილებას“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები