ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება - სირსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი, რომელიც თანამდებობიდან გუშინ, 21 ივლისს გადააყენეს, განცხადებას ავრცელებს.
სირსკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინული ჯარი რუსეთზე შეტევას გააგრძელებს.
- ოლექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორმა მიხაილო დრაპატიმ შეცვალა.
"ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც არა მხოლოდ თავს იცავს, არამედ უტევს - აქვს ინიციატივა, სტრუქტურა და ჰყავს ადამიანები, რომლებმაც იციან, მტერს როგორ ებრძოლონ. იმედი მაქვს, ეს შეტევა გაგრძელდება, ყველაფერი ამისთვისაა.
მადლობა ყველა ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს, ვისთან ერთადაც ეს წლები გავიარე - ჩვენი დაღუპულების ოჯახების წინაშე კი ქედს ვიხრი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: ჩემი საქმე ომია. თანამდებობები იცვლება, ეს პრინციპი კი - არა.
რა სტატუსიც არ უნდა მქონდეს, უკრაინას გამარჯვებამდე მოვემსახურები. უკრაინას გმირი ხალხი იცავს. ჩვენი ქვეყანა გადარჩება, თუ თავის საქმეს ყველა ისე გულმოდგინედ შეასრულებს, როგორც უკრაინული არმია. დიდება უკრაინას!". - წერია სირსკის განცხადებაში.
სირსკის განცხადებით, გასულმა წელმა ომის მიმდინარეობა შეცვალა და უკრაინამ საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა. ის წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის შეტევის შეჩერება ხარკივში, ასევე არ დაუშვეს მათი შეტევის განვითარება სუმის ოლქში და აგრეთვე გაიხსენა უკრაინის არმიის ოპერაცია კურსკის ოლქში.