,,ოცნებაში" ემზადებიან სააკაშვილის საზღვარგარეთ გასაშვებად, ამას ნელ-ნელა გვაჩვევენ - იაგო ხვიჩია
,,გირჩი" არ გამორიცხავს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს ან სასჯელი გადაუვადონ, ან სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ.
,,გირჩის" ლიდერი, იაგო ხვიჩია, პროგნოზირებს, რომ ,,ქართული ოცნება" მესამე პრეზიდენტს ქვეყნიდან გაუშვებს. ამ ვარაუდის საფუძველს ოპოზიციონერ დეპუტატს ,,ქართული ოცნების" პოზიცია და ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები აძლევს.
ჩემი აზრით, ემზადებიან მიხეილ სააკაშვილთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად და მის გასაშვებად იქ, სადაც არჩევნებამდე იყო. ასე ნელ-ნელა გვაპარებენ, მაგრამ კარგია. მე მივესალმები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებას. პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არის საგზალი ,,ოცნების" მხარდამჭერებისთვის, რომლებიც საქართველოში არიან, ხოლო ირაკლი კობახიძის განცხადებები არის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, სტრასბურგში, მაგალითად. თავს აჩვენებენ, რომ ჩვენ ევროპული ღირებულებების მთავრობა გვყავს - განაცხადა ,,გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.