დიპლომატებს პოლიტიკოსების სასამართლოზე დასწრების უფლება არ მისცეს
ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ასევე გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის საელჩოებმა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მახარობლიძეს ერთობლივი წერილით მიმართეს.
დიპლომატები ითხოვდნენ, საელჩოების აკრედიტებულ წარმომადგენლებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლო სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობა მისცემოდათ, რაზეც "პირველების" ინფორმაციით, მათ მოსამართლისგან უარი მიიღეს.
როგორც TV პირველმა გაარკვია, წერილობითი მიმართვა პროცესზე ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ წარადგინა, თუმცა აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა არც ბრალდების მხარე. პოლიტიკოსების ადვოკატები კი ამბობენ, რომ მოსამართლეს უარის თქმის არგუმენტები არც კი დაუსახელებია.
რა წერია ერთობლივ წერილში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეს, თამარ მახარობლიძეს.
ჩვენი ინფორმაციით, თქვენს სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 318-ე, 319-ე და 321¹ მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებებით.
ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სხდომები საზოგადოებისთვის დაიხურა წესრიგის შენარჩუნების მიზნით.
ამ საქმისადმი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უმორჩილესად გთხოვთ, მისცეთ ნება საქართველოში ჩვენი საელჩოების აკრედიტებულ წარმომადგენლებს, დაესწრონ სასამართლო სხდომებს დამკვირვებლების სტატუსით.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების განხილვაზე დიპლომატიური დაკვირვება არის ხანგრძლივი და ფართოდ აღიარებული პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობას და საშუალებას აძლევს დაინტერესებულ საერთაშორისო პარტნიორებს, უშუალოდ ადევნონ თვალი მოვლენების განვითარებას. ასეთი დამკვირვებლების დასწრება იქნება სრულიად არამონაწილეობითი და ხელს არ შეუშლის პროცესის წესრიგისდაცვით წარმართვას.
ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნულ საქმეზე ასეთი დაკვირვების ხელშეწყობას"- აღნიშნული იყო წერილში, რომელიც საელჩოებმა სასამართლოში გაგზავნეს.
ამასთან, ცნობილი გახდა ისიც, რომ რვა პოლიტიკოსის: მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში შემოდგომიდან განახლდება.
იურისტების თქმით, სხდომაზე მოსამართლეს არ ის განუმარტავს, რის გამო გადაიდო სხდომები რამდენიმე თვით.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება