ვის რა გეგმა აქვს არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით? - რას ამბობენ პოლიტიკოსები
მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია მომავალ არჩევნებში? - კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვიქტორ ყიფიანმა პოლარიზაციის დასრულებაზე ისაუბრა და არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ ბრძოლის ნებისმიერი ველი უნდა გამოიყენონ და "როდესაც რეჟიმი გყავს დასამარცხებელი არჩევნების გზით" მთელი ოპოზიციური სპექტრის პირველადი ამოცანა უნდა იყოს - "საზოგადოებაში შიშისა და ნიჰილიზმის ფაქტორების გაქრობა".
ვფიქრობთ, რომ ბრძოლის ნებისმიერი ველი უნდა გამოვიყენოთ და ამიტომაც მივიღეთ გასული წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. სამწუხაროდ, მაშინ ოპოზიციური სპექტრის ნაწილი ბოიკოტის გზას დაადგა, დღეს ბევრი ფიქრობს უკვე, რომ ეს შეცდომა იყო და თანდათან ამის აღიარებასაც იწყებენ. როდესაც რეჟიმი გყავს დასამარცხებელი არჩევნების გზით, აქ უბრალო უმრავლესობით კი არ უნდა აჯობა, უნდა აჯობო დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით და ახლა მთელი ოპოზიციური სპექტრის პირველადი ამოცანა უნდა იყოს სწორედ ამისთვის მომზადება საზოგადოებაში შიშისა და ნიჰილიზმის ფაქტორების გაქრობა," - განაცხადა სიორიძემ.
განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებს. გიგა ლემონჯავას განცხადებით მათ არცევნებში უნდათ, თუმცა უნდათ "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არა ლოჯისტიკური რუსული სპეცოპერაცია".
თუ ვინმეს უნდა არჩევნები ამ ქვეყანაში, ეს არის კოალიცია "ცვლილებისთვის". კოალიცია "ცვლილებისთვის" არის ყველაზე დიდი პროდასავლური პოლიტიკური სუბიექტი ამ ქვეყანაში, ამიტომ ჩვენ გვინდა არჩევნები, ოღონდ, ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არა ლოჯისტიკური რუსული სპეცოპერაცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დროდადრო ატარებს ხოლმე," - ამბობს ლემონჯავა.
ბორის (ჩელე) ყურუას თქმით, პარლამენტის ბოიკოტი შეცდომა იყო, თუმცა ის "სხვადასხვა პარტიებს ვერ ეტყვის კონკრეტულად რა სტრატეგია უნდა ჰქონდეთ".
დღევანდელი გადმოსახედიდან, შექმნილი სიტუაციიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პარლამენტის ბოიკოტი იყო შეცდომა. რაღაც დავაკელით, რაღაც შეცდომა იქნა დაშვებული, შესაბამისად ამის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს ყველამ. მე ახლა სხვადასხვა პარტიებს ვერ ვეტყვი კონკრეტულად რა სტრატეგია უნდა ჰქონდეთ მაშინ, როცა ადამიანებს ციხეები ემუქრებათ და ხვალ და ზეგ, როდის დაიჭერენ კაციშვილმა არ იცის. უბრალოდ მგონია, რომ მეც თუ დამიჭერენ, მინდა, ქვეყანაში აღმოჩნდეს ადამიანი, ვინც იტყვის, რომ არა ბრძოლის გაგრძელებას აზრი აქვს და მათ შორის პოლიტიკის კეთებას ამ ქვეყანაში აზრი აქვს," - განაცხადა ჩელე ყურუამ.
"ჯერ საქართველოს" წევრის თქმით, მათი ამოცანაა იბრძოლონ ისეთი საარჩევნო გარემოსთვის, "რომელში შესვლასაც აზრი ექნება".
"ჯერ საქართველოს" ამოცანაა ვიბრძოლოთ ისეთი საარჩევნო გარემოსთვის, რომელში შესვლასაც აზრი ექნება და შექმნის ისეთ მოცემულობას, სადაც რეალურად შესაძლებელი იქნება ცვლილებები. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში, შევამციროთ პოლარიზაცია და გავზარდოთ იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სურს ქვეყანაში რეალური ცვლილებები," - განაცხადა მან.