"ოცნება", პაპუაშვილი და ბოჟაძე უკვე დამარცხდნენ ვახო სანაიასთან" - ირაკლი კუპრაძე
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება და მას სოლიდარობას უცხადებს.
პოლიტიკოსის თქმით, "ქართული ოცნება", შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე "უკვე დამარცხდნენ ვახო სანაიასთან", რადგან თუ აქამდე ჟურნალისტის Facebook პოსტი რამდენიმე ათას ადამიანს ჰქონდა ნანახი, ახლა მთელმა საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმაც გაიგეს.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთი მიზანი - "თავისუფალი სიტყვა შეზღუდოს".
ცალსახა სოლიდარობა და მხარდაჭერა ვახო სანაიას, თუმცა უნდა ითქვას, რომ უკვე "ქართული ოცნება" და პაპუაშვილი, ლადო ბოჟაძე - უკვე დამარცხდნენ ვახო სანაიასთან იმიტომ, რომ თუ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში იმ კონკრეტულ პოსტს ექნებოდა 15-20 ათასი ნახვა მაგალითად, ამ წარმოუდგენელი დანაშაულებრივი გადაწყვეტილების შემდეგ მთელმა საქართველომ გაიგო ამ პოსტის შესახებ, არა მხოლოდ საქართველომ, ევროკავშირში ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარი პოლიტიკოსები ეხმაურებიან ამ მძიმე და ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას.
ცხადია, რომ ივანიშვილს აქვს მიზნად ამ რეპრესიული კანონების მთელი დასტა, რაც შემოაგორა ველზე, არის ერთადერთი მიზანი, მისია, რომ თავისუფალი სიტყვა, თუნდაც განსხვავებული ფორმით, რომელიც არ მოსწონს ვინმეს, თავისუფალი სიტყვა შეზღუდოს. ამ შეზღუდვის პირობებში ადამიანებს უშვებს ციხეში. განსაკუთრებულად მძიმეა ეს, როცა საქმე ეხება ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტები პირველ ადგილას დგას ამ მიმართულებით იმიტომ, რომ შეუძლებელია ჟურნალისტს განუსაზღვრო, როგორც ტელევიზიას ზღუდავენ დღეს და ეუბნებიან - რა თქვა, რა არ თქვა, რა შეფასება შეგიძლია, რა არ შეგიძლია და ამისთვის ხან ერთი უწყება შექმნეს, ხან მეორე, ახლა "სქროლვა-სქრინვის" დეპარტამენტი დაამატეს ამ ყველაფერს.
ჩვენთვის არის ცალსახა, რომ ეს არის ავტორიტარიზმის ის ბოლო მცდელობები, რომელიც არ მუშაობს. ვახო სანაიას მაგალითზე, ცხადია, რომ ამან არ იმუშავა და არც სხვა დროს არ იმუშავებს, არც სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.