"მითხრა, ეს არის სერიოზული ზეწოლაო" - მურმან დუმბაძე ნუგზარ ფუტკარაძესთან საუბარს იხსენებს
"ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი, მურმან დუმბაძე, მეგობართან, ნუგზარ ფუტკარაძესთან, ბოლო საუბრებს იხსენებს. დუმბაძე ამბობს, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა მას ზეწოლის შესახებ ესაუბრა და მიანიშნა, რომ საქმე სუსსა და მამ-შვილ რიჟვაძეებს ეხებოდა.
პირველსავე ტურში, რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა, რომ მურმან, ეტყობა პურ-მარილები უნდ დაგვიძველდეს ჩვენო... შინაურ-გარეულს ვეღარ ვცნობო. ბანკის ვალი ხო არ გაქვს, ჩვენ ამ ბანკის ვალებზე ხო არ ვიფიქროთ, ნუგზარ, რომ გამოგისწორებენ საქმესო. მერე უკვე, მეორე ტურის შემდეგ მითხრა, რომ ეს არის სერიოზული ზეწოლაო. მე ვუთხარი, ვინ არის, ვინ შეიძლება ეს იყოს-მეთქი და შენ რომ გიყვარს, ის ხალხიო. გასაგებია, სუსი იქნება და მამა-შვილი-მეთქი, მე ვუთხარი. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა, რომ ამ ქვეყანაში არაფერი გამოვა, საერთოდ უნდა ვიფიქროთ, დავუტოვოთ ეს ქვეყანა, წავიდეთ, მე ამ ქვეყნის პერსპექტივას ვერ ვხედავო, - ამბობს დუმბაძე.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს ის აუდიმტკიცებულებები გაასაჯაროვა, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს.
ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.