აქტი საქართველოს შესახებ - ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უკვე დამტკიცდა
"გამოიძიეთ რუსული და ჩინური გავლენები სამხრეთ კავკასიაში" - ამ მოწოდებით კონგრესის ქვედა პალატა მარკო რუბიოს და ამერიკის თავდაცვის სამინისტროს მიმართავს.
კანონპროექტი, სადაც საქართველოში რუსულ და ჩინურ გავლენებზეა საუბარი, წარმომადგენელთა პალატაში უკვე დამტკიცდა, მას მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა.
ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ახლა სენტაში უნდა გადაიგზავნოს, საიდანაც მხარდაჭერის შემთხვევაში დონალდ ტრამპს გადაეგზავნება ხელის მოსაწერად, ამის შემდეგ კი მარკო რუბიოს განსაზღვრული დრო ექნება, რათა საიდუმლო ანგარიში მოამზადოს საქართველოს შესახებ.
ამის შემდეგ გაირკვევა, რა სტრატეგიას აირჩევს ამერიკა საქართველოსთან ურთიერობისთვის.
პოლიტიკური შეფასებები თბილისში:
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, ამ ჩანაწერით ამერიკას საშუალება ეძლევა გამოიძიოს და ცხადად დადოს დოკუმენტირებულად რა გავლენები აქვს ჩინეთს საქართველოში და რა გავლენები აქვს რუსეთს.
მისივე თქმით, ამ აქტით შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ "ქართულ ოცნებასა" და ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვა გაურკვეველი დროით გადაიდო.
ამერიკის ავტორიზაციის აქტში ჩანაწერი, რომელიც ეხება საქართველოს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ განვითარდება საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები. ამ ჩანაწერით განისაზღვრება საქართველოსთან ამერიკის ურთიერთობის შემდეგი ხუთი წელი და ეს ეხება ჩინეთის და ირანის [გავლენებს] ქვეყანაში, მათ შორის რუსეთის, რაც წარმოადგენს ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან წითელ ხაზებს. ამ ჩანაწერით ეძლევა ამერიკას საშუალება გამოიძიოს და ცხადად დადოს დოკუმენტირებულად რა გავლენები აქვს ჩინეთს საქართველოში და რა გავლენები აქვს რუსეთს. ამ აქტით შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ "ქართულ ოცნებასა" და ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვა გადაიდება შემდეგი გაურკვეველი დროით," - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ თუ ეს სტრატეგია იქნება ორპარტიულად მხარდაჭერილი, იქნება მძლავრი მხარდაჭერა საქართველოს და აშშ-ის იმ ინტერესების, "რომელიც ჩაშალა ბიძინა ივანიშვილმა".
საქართველო განხილულია არა ლოკალურ ჭრილში, არამედ ზოგადად გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში, მით უფრო თუ შევხედავთ ჩინეთის და რუსეთი ინტერესებს, მათ შორის სადაზვერვო სამსახურების მოქმედებას საქართველოში, რისი დავალებაც არის გაცემული, რომ მოხდეს დახურული ანგარიშის მომზადება და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, თუ რაზე იქნება დამოკიდებული აშშ-ის გადაწყვეტილება და სტრატეგია საქართველოსთან ურთიერთობების ქონასთან დაკავშირებით და ეს არის შიდა პოლიტიკური და საგარეო ვექტორი, შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ ეს სტრატეგია იქნება ორპარტიულად მხარდაჭერილი, საბოლოოდ ეს იქნება მძლავრი მხარდაჭერა საქართველოსი და შეერთებული შტატების იმ ინტერესების, რომლის კვეთა ამ წლის მანძილზე სტრატეგიული პარტნიორობით იყო გამყარებული და რომელიც ჩაშალა ბიძინა ივანიშვილმა," - ამბობს თეონა აქუბარდია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის სიძლიერე და რეგიონში ყოფნა არის მთავარი ძალა, რომელიც აბალანსებდა საქართველოს, მათ შრის რუსეთის იმპერიალისტურ ქმედებებს.
ამერიკის სიძლიერე, ამერიკის ყოფნა რეგიონში არის მთავარი ძალა, რომელიც აბალანსებდა საქართველოს, მათ შრის მტრულად განწყობილი სახელმწიფოს, რუსეთის იმპერიალისტურ ქმედებებს და მათ შორის, იწვევდა იმას, რომ ამ რეგიონში სტაბილურობის და განვითარების შანსები იყო. ამერიკა უკვე სამხრეთ კავკასიაში იმყოფება კონკრეტული ხელშეკრულებებით, რომლითაც ის თანამშრომლობს კონკრეტულ აქტორებთან, თუმცა, სამწუხაროდ, არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ისტორიულად ყველაზე ახლო ქვეყანასთან, საქართველოსთან და ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სისტემის დემონტაჟი, რომ ეს ისტორიული შანსი ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გამოვიყენოთ," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.