კობახიძეს, რომელიც გერმანიის ყოფილ ელჩს აკრიტიკებს, ქვეყანასთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედი აქვს

23.07.26 14:36
კობახიძეს, რომელიც გერმანიის ყოფილ ელჩს აკრიტიკებს, ქვეყანასთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედი აქვს

ირაკლი კობახიძე გერმანიის ყოფილ ელჩს, პეტერ ფიშერს აკრიტიკებს, თან ამავდროულად ევროპულ ქვეყანასთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედი აქვს.

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ სწორედ ყოფილმა ელჩმა შეიტანა ძალიან ცუდი წვლილი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში.

დღეს ირაკლი კობახიძე ამ კომენტარით გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა, გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე კი საქართველოს პრეზიდენტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია გასწორდა.

„გერმანია საქართველოსთვის იყო ტრადიციულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს განვითარებაში და გვინდა, რომ დავუბრუნდეთ ურთიერთობების ანალოგიურ დადებით დინამიკას. შეიცვალა გერმანიის ელჩი საქართველოში, რწმუნებათა სიგელი გადასცა გერმანიის პრეზიდენტს ჩვენმა ელჩმა გერმანიაში და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას, რასაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანიის იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ვიღებდით 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამიტომ განსაკუთრებულად ვართ დაინტერესებული ამ ურთიერთობების გადატვირთვით“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ელჩმა გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი 23 ივლისს გადასცა. გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სხვადასხვა ქვეყნების ელჩების აკრედიტაციის ღონისძიება ბერლინში, სწორედ 23 ივლისს გაიმართებოდა. ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩად 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები