კობახიძემ დაკავებულ ჟურნალისტ ვახო სანაიას "პარტიულ აქტივისტს" უწოდა
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტ, ვახო სანაიას "პოლიტიკურ, პარტიულ აქტივისტს" უწოდებს. კობახიძემ თემაზე საუბრისას თქვა, რომ "პოლიტიკურ დაკვეთას, აგრესიული გარემოს შექმნას" - "ეროვნული ამოცანით დაუპირისპირდებიან".
ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, შეგიძლიათ წაიკითხოთ სახელმძღვანელოები, სადაც წერია, რომ გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული და მოცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა, საერთოდ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება უხეშ შეურაცხყოფას, შესაბამისად, აქ ფორმალურადაც კი არასწორად მსჯელობენ კონკრეტული ადამიანები.
მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა - ეს არის ის, რომ მათ უნდა გააღვივონ საქართველოში ხელოვნურად სიძულვილი, დაპირისპირება, უნდა შექმნან აგრესიული გარემო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა - ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ არავის მივცეთ გარედან ხელოვნურად საქართველოში აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. აქ ფორმალურად სტატუსებს მნიშვნელობა არ აქვს, ფორმალურად ადამიანებს ერქმევა ჟურნალისტი თუ რაიმე სხვა, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა მივცეთ ჩვენ აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, სწორედ ასე თანასწორად იმოქმედა შესაბამისმა უწყებამ, შსს-ს შესაბამისმა დეპარტამენტმა. ამ დეპარტამენტის საქმიანობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას - არავის მივცეთ გარედან სიძულვილისა და აგრესიის თავს მოხვევის საშუალება", - ამბობს ის.
რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებაზას, მას "ქართული ოცნების" ლიდერმა "სრულიად უადგილო" უწოდა და თქვა, რომ "ფასი არ აქვს".
"ძალიან მარტივად მივყვეთ ფაქტებს - არის ადამიანი, რომელმაც დაარღვია უხეშად კანონი, უხეში შეურაცხყოფა მიაყენა კონკრეტულ ადამიანებს და ნუ, რა თქმა უნდა, ასეთი კომენტარები სრულიად უადგილოა და მათ არავითარი ფასი არ აქვს. საინტერესოა, ეს არიან ის ადამიანები, ამ შემთხვევაში, უცხოელებს არ ვგულისხმობ, რომლებიც ორიოდე დღის წინ ამართლებდნენ უხეშ აგრესიას კონკრეტული ქალბატონის წინააღმდეგ, პირდაპირ, მშრალად ამართლებდნენ აგრესიას და მეტიც, იწონებდნენ ამ აგრესიას, რომელიც ძალიან მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფით იყო გამოხატული.
აქაც ძალიან მარტივად ჩანს ორმაგი სტანდარტები და ორმაგი სტანდარტის მიზეზი - დაკვეთა არის, რომ საქართველოში ხელოვნურად, გარედან თავს უნდა მოგვახვიონ სიძულვილი და კონკრეტული აგენტები, აგენტურა ასრულებს ამ დავალებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად დავუპირისპირდებით ამ დავალებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დაკვეთების შესრულებით არის დაკავებული", - განაცხადა კობახიძემ.