ეკა გიგაური: ვახო სანაიას პატიმრობა მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაშინების მცდელობაა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დაშინებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, ქვეყანაში კრიტიკულ მედიაში მუშაობა სულ უფრო სახიფათო ხდება, თუმცა საზოგადოების წინააღმდეგობა გაგრძელდება.
ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, კრიტიკულ მედიაში მუშაობა არის საშიში. აქ არ არის მხოლოდ საუბარი საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივად შეუძლებელია მედიისთვის მუშაობა, არამედ არის ძალიან ბევრ სხვა დამატებით ქმედებებზე, რომელიც არის წახალისებული. ეს არის თავდასხმა, ეს არის სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალისტების და დღეს გადავიდნენ უკვე ახალ ფაზაში. უკვე განსხვავებული აზრის გამო ციხეში სვამენ ადამიანებს. ცხადია, ეს არის კონკრეტული გზავნილი მედიის მიმართ და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს აფიქსირებს სოციალურ ქსელში. მაგრამ იცით, რა? ამ აბსურდული კანონების მიღებით, მემგონი, თვითონ შემდეგ უარეს მდგომარეობაში არიან, იმიტომ, რომ ადამიანები ამას არ ურიგდებიან და რაც არ უნდა ხელისუფლებას, ზუსტად იმას აკეთებენ. ამიტომ ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება, - ამბობს ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.