დიპლომატებისთვის სასამართლოზე დასწრების შეზღუდვა კიდევ ერთი დასტურია, რომ იქ არის სიყალბე - ოპოზიცია
ოპოზიციონერი ლიდერები მიიჩნევენ, რომ 8 პოლიტიკური ლიდერის საქმის განხილვაზე დიპლომატებს დასწრებაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და ეს მათ საკუთარი თვალით არ ენახათ.
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, “არ დასწრება და შეზღუდვა დიპლომატიური კორპუსის არის კიდევ ერთი დასტური, რომ იქ არის სიყალბე, პროპაგანდა და ტყუილი.“
არ დასწრება და შეზღუდვა დიპლომატიური კორპუსის, უარის თქმა, რომ არ შეუძლია დაესწროს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პროცესზე, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ იქ არის სიყალბე, პროპაგანდა და ტყუილი. თქვენც იმიტომ აგეკრძალათ გაშუქება ამ პროცესების, რომ არ დაინახოს საზოგადოებამ ის რეალური უმძიმესი სიყალბე, ცრუ მოწმეებისა, ცრუ პოლიციელების, რომლებიც მიდიანდა წარმოუდგენელი სისულელით და სიგიჟით ხელს ადებენ პოლიტიკოსებს ჩაუდენელ დანაშაულზე, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს დიპლომატების სასამართლოზე დასწრების მოთხოვნაზე უარის თქმა ნიკა გვარამია, რადგან მისი თქმით, “საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით ყველა პროცესი უცნაურობების ფონზე მიმდინარეობს“.
საბოტაჟის პროცესთან დაკავშირებით რა უცნაურობებიც ხდება, ეს აღარ არის უცნაურობები, რეალურად ასე მიმდინარეობს ყველა პროცესი. ბუნებრივია, რომ ადგილი დიპლომატებისთვის და ობიექტური დამკვირვებლებისთვის იქ ვერ იქნება, თუმცა, ასევე ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა დეტალს დიპლომატი ფლობს, დაკვირვების გარეშეც. როგორც იცით, პროცესი გადაიდო, არ ვიცი, ეს ვის დასჭირდა და რატომ, მაგრამ ვიცით, ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს. ივანიშვილის გარეშე, ასეთი რამე არ ხდება, - ამბობს გვარამია.
- დიპლომატებმა ოპოზიციის დევნის საქმეებზე დასწრების სურვილი, საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე გამოთქვეს. ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ასევე გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის საელჩოებმა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მახარობლიძეს ერთობლივი წერილით მიმართეს.
- დიპლომატები ითხოვდნენ, საელჩოების აკრედიტებულ წარმომადგენლებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლო სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობა მისცემოდათ, რაზეც "პირველების" ინფორმაციით, მათ მოსამართლისგან უარი მიიღეს.