ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი?- ლევან ხაბეიშვილი

23.07.26 19:13
ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი?- ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი თბილისში, ვერაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან სიკვდილი და რეჟიმი მოდის ყველასთან!“.

ოპოზიციონერი ლიდერი საზოგადოებას “აზრზე მოსვლისკენ“ მოუწოდებს. 

“უბნებში გვკლავენ, გვესვრიან,გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი?!“ , - წერს ხაბეიშვილი. 

17 წლის ვაჟკაცი ჩადეს მიწაში! როგორ სდუმხართ?! თქვენი შვილი რომ იყოს, როგორ მოიქცეოდით?! ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს! უბნებში გვკლავენ, გვესვრიან,გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი?! სისხლი მეყინება, ამ რვა კვადრატში მთელი დღეა ბოლთას ვცემ,კედლებს ვაწყდები! როგორ შეგვაგუა ამ ბოროტებას?! როგორ დაგვიჩლუნგდა ემოციები?! მკვლელები გარეთ არიან და მთავარია სანაია, ხაბეიშვილი, ამაღლობელი, ხოშტარია, სააკაშვილი ციხეში იყოს. ქოცებო, მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

იძახეთ ახლა, რომ აპოლიტიკურები ხართ, სიკვდილი და რეჟიმი მოდის ყველასთან! სახლებში,ეზოებში,უბნებში... ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!! შენ გენაცვალე ვაჟკაცო,ლამაზო,გაზრდილო შვილო! როგორ მინდა რამე შემეძლოს და შენ დღეს, შენ დედას ეხუტებოდე გულში და არა იმ მდგომარეობაში როგორშიც ახლა ხარ... სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ამ ვაჟკაცის გარდაცვალებას. აზრზე მოდით,თორემ უკვე გვიანდება, - წერს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. დაშავებულთაგან 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ნიკა კაპანაძე, რომელიც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.  

მსგავსი სიახლეები