„ძალიან მალე დავბრუნდები“ - პაველ დუროვი საქართველოს ბიზნესჰაბად მოიხსენიებს
„ტელეგრამისა“ და „ვკონტაქტეს“ დამფუძნებელი, საქართველოში ვიზიტიდან ერთი თვის შემდეგ, აცხადებს, რომ ქვეყანა მსხვილ ბიზნესჰაბად ყალიბდება და მნიშვნელოვნად დაუფასებელია. დუროვი წერს, რომ საქართველოში ძალიან მალე დაბრუნდება, თუმცა ვიზიტის მიზანს ჯერ არ ასახელებს.
ცნობილია, რომ ივნისში მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვაკო თურნავა მასპინძლობდა.
რაც შეეხება საქართველოს, ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ქვეყანა ცნობილია თავისი თბილი ხალხით, უძველესი კულტურით, ადგილობრივი სამზარეულოთი და განსაცვიფრებელი პეიზაჟებით. თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. მთავრობის ბიზნესსაჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება. ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წლიურად კვლავ 8%-ით იზრდება. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები მოგების გადასახადს არ იხდიან (0%), დივიდენდებსა და ხელფასებზე კი მხოლოდ 5%-იანი გადასახადი მოქმედებს. საქართველო, როგორც ტურისტული და ბიზნესმიმართულება, სერიოზულად დაუფასებელია. ძალიან მალე დავბრუნდები!“, - განაცხადა დუროვმა.