“ამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს ივანიშვილმა“ - ოპოზიცია ყულევის ქარხნის დასანქცირებაზე
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასანქცირებას საქართველოსთვის “ტრაგიკულს“ უწოდებს ოპოზიცია.
მათი თქმით, ევროკავშირის ახალი პაკეტი მოწმობს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა, არათუ შეწყვიტა დახმარება რუსეთისთვის, არამედ გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ გააგრძელა კრემლის მხარდაჭერა.
“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძის თქმით, “ოკუპირებული ქვეყნის ნავთობტერმინალის რუსული ნავთობის გატარებისთვის დასანქცირება არის დანაშაული და ამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს ივანიშვილმა“
გაფრთხილება არაფრად ჩააგდეს, სანქცირებული ნავთობის გადამუშავება გრძელდებოდა, ამიტომ, შესაბამისად, მოსალოდნელიც იყო. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე, პრაქტიკულად, კიდევ ერთი ქართული ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის საფრთხის ქვეშ დაყენება და განადგურების პირას ყოფნა, იმიტომ, რომ ამხელა სანქციებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და საქართველო ყვება ამ სანქციებში, ეს არის პრინციპში გეოპოლიტიკურ სიბრტყეში გადალაგება. ოკუპირებული ქვეყნის ნავთობტერმინალის რუსული ნავთობის გატარებისთვის დასანქცირება არის დანაშაული და პასუხისმგებლობა და ამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს ივანიშვილმა, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
“დროას“ ლიდერის, გიგა ლემონჯავას თქმით კი, ევროკავშირის ახალი სანქციები იმის მანიშნებელია, რომ დასავლეთი არ აპირებს, თვალი დახუჭოს ივანიშვილის რუსულ პოლიტიკაზე.
ივანიშვილის რუსული რეჟიმი ეხმარება პუტინის ომის მანქანას, რომ დახოცოს რაც შეიძლება მეტი უდანაშაულო ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე. ნავთობის ექსპორტი, ნავთობით ვაჭრობა არის რუსეთის ეკონომიკის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი, ივანიშვილს მე მგონი, მიაჩნდა, რომ ევროკავშირს დაავიწყდება ეს ყველაფერი, ან დროს გაწელავს და ამასობაში რუსეთმა რამე სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვოს და შესაბამისად, ივანიშვილის რეჟიმი გადარჩეს, თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მარცხდება, არავინ დასავლეთში არ აპირებს, რომ თვალი დახუჭოს ივანიშვილის რუსულ პოლიტიკაზე, მათ შორის, იმ ტიპის პოლიტიკაზე, რომელიც ეხმარება კრემლს იშოვოს მეტი ფული უდანაშაულო ხალხის დასახოცად, - აცხადებს გიგა ლემონჯავა.
6-თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება ქარხნისთვის კიდევ ერთი გაწვდილი ხელია საქართველოსთვის, - ამბობს თეონა აქუბარდია და მიიჩნევს, რომ “ეს კიდევ ერთი მაჩვენებლია იმის, რომ ევროკავშირი საქართველოს ხელს ბოლომდე არ უშვებს.“
ივანიშვილი, საქართველოს პირობებში, ეხმარება რუსეთს ქვეყნის წინააღმდეგ ომში ეკონომიკური განზომილებით, თუმცა, მიუხედავად გაფრთხილებებისა, 6-თვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება ქარხნისთვის კიდევ ერთი გაწვდილი ხელია საქართველოსთვის, რომ ამ ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ევროკავშირი არ უშვებს საქართველოს ბოლომდე ხელს. იმ შემთხვევაში, თუ 6-თვიანი პერიოდი აღარ გამოიყენა “ქართულმა ოცნებამ“, შედეგი იქნება უმძიმესი, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
- ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.
- სანქციების სიაში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სანქცია ძალაში 6 თვეში შედის.
- სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად.