რას ამბობენ “ოცნებაში“ მარიონეტული რეჟიმის მოთხოვნაზე, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით
მარიონეტული რეჟიმი ჩორჩანას საგუშაგოს აღებას ითხოვს - ირკვევა, რომ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ეს საკითხი დაისვა, თუმცა გახარიას პარტიაში ამტკიცებენ, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესახებ ამბავი სუს-მა დამალა.
ოფიციალურ უწყებებს თემაზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. “ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ “ეს პრიმიტიული საკითხი არ არის და დიდი დაფიქრება სჭირდება“.
ლევან მაჭავარიანის მტკიცებით, ნაბიჯები იმგვარად გადაიდგმება, როგორც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს.
ეს არ არის ისეთი პრიმიტიული საკითხი, საგუშაგო ავიღოთ, თუ არა. ეს დიდი საფიქრალია და რა თქმა უნდა, ჩვენ იმგვარად ვიფიქრებთ და გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესები იქნას დაცული. ეფექტურ კონტროლს ახორციელებს დღეს ოკუპანტი, ეს ფაქტის კონსტატაციაა და ეფექტური კონტროლის განხორციელება რას ნიშნავს, ესეც კარგად ვიცით, - აცხადებს მაჭავარიანი.
ჩორჩანას საგუშაგოზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს დავით მათიკაშვილი გიორგი გახარიას და ამბობს, რომ სწორედ მან გადადგა შეუთანხმებელი ნაბიჯი, რამაც “ცენტრალურ ხელისუფლებას ქართული მიწა დააკარგინა.“
საკუთარი ნებით, ყველასთან შეთანხმების გარეშე, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელმაც ცენტრალურ ხელისუფლებას ძალიან დიდი ნაწილი, დროებით, მაგრამ მაინც ქართული მიწა დააკარგვინა. 1 მილიონი კვადრატული მეტრი ტყის მასივი აღარ არის იქ მცხოვრები ქართული სოფლებისთვის შესაძლებლობა, რომ შევიდნენ და მოიხმარონ, - ამბობს მათიკაშვილი.
- "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს. მათი თქმით, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, უწყებამ განცხადებაში არ ახსენა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგო აიღოს. პარტია მოითხოვს, რომ სუს-მა და საგარეო უწყებამ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა პასუხი გასცეს ოკუპირებული ტერიტორიის წარმომადგენლის ამ მოთხოვნას.