ქუთაისის პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი იმუშავებს

25.07.26 12:15
ქუთაისის პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი იმუშავებს

ქუთაისის პარლამენტის შენობაში ამიერიდან ტექნოლოგიური ჰაბი იმუშავებს - ის წუხელ საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, რომელმაც პარლამენტის ყოფილ შენობას „კორუფციის სიმბოლო“ უწოდა.
მისი თქმით, ეს ადგილი მალე ინოვაციების მთავარი ცენტრი გახდება რეგიონში.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს. ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის სისტემა, შევქმენით ტექნოპარკების ეროვნული ქსელი, დავნერგეთ სპეციალური საგადასახადო პირობები ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესისთვის, მოვიზიდეთ საერთაშორისო კომპანიები და ათასობით ახალგაზრდას მივეცით თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამ ყველაფერმა ქვეყანას უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი - მთავრობის ხელშეწყობით, 300-ზე მეტმა ინოვაციურმა და მაღალტექნოგიურმა სტარტაპმა 800 მილიონ ლარზე მეტი ეკონომიკური სარგებელი შექმნა, დასაქმდა 4000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და საქართველო რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ცენტრად ჩამოყალიბდა", - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები