სააკაშვილის განმარტებით, ოპოზიციაზე შვილის მოსაზრებას არ ეთანხმება - ნიკა გვარამია
მიხეილ სააკაშვილი მისი შვილის განცხადებას არ ეთანხმება - გორის ჰოსპიტალიდან გამოსულმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გზავნილი გაახმოვანა. საუბარია ედუარდ სააკაშვილის მიერ რადიო ,,თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუზე.
საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ მისი სიკვდილი და ეს შესაძლოა, ერჩივნოთ. თვითონ მიშამ მთხოვა, რომ განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები და პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე, ცხადია, ამ ყველაფერს.
თვითონ არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდნენ და ან აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა, ცხადია, შვილს არ ემიჯნება, პირიქით, ამბობს, გაუხარდა, რომ ინტერვიუ მისცა – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი, უბრალოდ, ტელევიზიებში ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება, მართლა ურჩევნიათ – მკვდარი, ვიდრე ცოცხალი – თქვა ედუარდ სააკაშვილმა რადიო ,,თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში.