პაპუაშვილი ითხოვს დადგინდეს, ჩაერია თუ არა ვინმე ენერგოსისტემის გათიშვაში
შალვა პაპუაშვილი ითხოვს დადგინდეს, ჩაერია თუ არა ვინმე ენერგოსისტემის გათიშვაში - "ოცნების" ლიდერი ელექტროენერგიის მთელი საქართველოს მასშტაბით გათიშვას "უჩვეულო მოვლენას" უწოდებს და აცხადებს, რომ გამოძიებამ საბოტაჟის ნიშნები უნდა დაადგინოს.
მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული და გამოძიებული იყოს, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო. მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი გაირკვეს.
ვნახოთ რა იქნება გამოძიების შედეგი. მნიშვნელოვანია დადგინდეს ყველა დეტალი. თუ კი აქ არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, რაიმე საბოტაჟის ხასიათის ქმედება, ეს ყველაფერი გამოვლენილი უნდა იყოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
24 და 25 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის ამბავს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს - სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, დღეს დილის 08:00 საათიდან 09:00-მდე მთელს ქვეყანაში ელექტროენერგია გაითიშა. ელექტროსისტემამ ოფიციალური მიზეზი არ განმარტა. "პირველებთან" სატელეფონო ინტერვიუში "ენგურჰესის" დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის სისტემური გათიშვის მიზეზი იმერეთის ხუთას კილოვატიანი ხაზის დაზიანებაა. ამის გამო შეწყდა წყამომარაგებაც. პარალიზებული იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - გაჩერდა თბილისის მეტრო. მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ შეჩერდა საქართველოს რკინიგზაც.